ავთანდილ თალაკვაძე - კლინიკებში აქციაზე დაშავებული ექვსი პირი აგრძელებს მკურნალობას, მათგან ერთი სუნთქვის აპარატზეა
20 ივნისის აქციაზე დაშავებულთაგან კლინიკებში ამ დრომდე ექვსი პირი რჩება, – ამის შესახებ „რეგიონულ ჰოსპიტალში“ მყოფი დაშავებულების მონახულების შემდეგ, ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ხელმძღვანელმა, ავთანდილ თალაკვაძემ განაცხადა.
მისი განმარტებით, დაშავებულებიდან ერთი პაციენტი კვლავ სუნთქვის აპარატზეა.
„სამი დაშავებული მოთავსებულია „რეგიონულ ჰოსპიტალში“. მათ შორის, ერთი პაციენტი პალატაშია გადაყვანილი. რაც შეეხება მეორე პაციენტს, ჰერმოდინამიკა კარგი აქვს და რამდენიმე დღე დასჭირდება რეანიმაციაში დაყოვნება. ის ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან ჩახსნილია. ამ დრომდე, აპარატზე მიერთებულია მესამე პაციენტი. ჯერ გამორიცხულია, მოხდეს დადასტურება, რისგან მიიღეს მათ დაზიანებები“, – განაცხადა თალაკვაძემ.
მისი ინფორმაციით, რამდენიმე პირი საზღვარგარეთ გადის მკურნალობას.
„რაც შეეხება საზღვარგარეთ გამგზავრებულებს, ერთ-ერთ პოლიციელთან ორშაბათს იგეგმება განმეორებითი ოპერაცია, მეორე პოლიციელს აქვს თვალის დაზიანება, იყო თვალის დაკარგვის რისკი და მიმდინარეობს რეაბილიტაცია. ასევე, ახალგაზრდას, რომელმაც მხედველობა დაკარგა, გერმანიაში სამშაბათს ჩაუტარდება დოაგნოსტიკა და ამის შემდეგ გვეცოდინება, როგორ გაგრძელდება მკურნალობა”,- განაცხადა საგანგებო სიტუაციების მართვის კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ხელმძღვანელმა.
ამასთან, როგორც „რეგიონული ჰოსპიტალის“ დირექტორმა, ნათია ნუცუბიძემ განმარტა, პაციენტს, რომელსაც ჩაუტარდა ნეიროქირურქიული და თვალის ქირურგიული ჩარევა, კლინიკიდან რამდენიმე დღეში გაწერენ.
„დანარჩენი ორი პაციენტიდან ერთი ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატიდან მოიხსნა. მესამე პანციენტის მდგომარეობა გუშინდელის შემდეგ გაუმჯობესებულია და ვიმედოვნებთ, მისი ჩახსნაც მოხდება ხელოვნური ვენტილაციის აპარატიდან“, – განაცხადა ნათია ნუცუბიძემ.