ავთანდილ თალაკვაძე - ფონდმა „ქართუმ“ გამოთქვა მზაობა, აქციაზე დაშავებულთა საზღვარგარეთ მკურნალობის ხარჯები სრულად აანაზღაუროს
აქციაზე დაშავებული ერთი პაციენტი დღეს რეაბილიტაციისთვის ისრაელში გაემგზავრება, – ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა, ავთანდილ თალაკვაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ერთი პირი გუშინ მიუნჰენის საუნივერსიტეტო კლინიკაში გაემგზავრა, დღეს კი, ორი პოლიციელი – თურქეთში.
როგორც ავთანდილ თალაკვაძემ აღნიშნა, ფონდმა „ქართუმ“ გამოთქვა მზაობა, საზღვარგარეთ მათი მკურნალობა დააფინანსოს.
„რეგიონულ ჰოსპიტალში რჩება სამი პაციენტი, მათ შორის ერთი პაციენტი დღის ბოლომდე პალატაში გადავა. ორი პაციენტი კი, მართვით სუნთქვაზეა. ერთთან გვაქვს საგრძნობი გაუმჯობესება. პაციენტი კონტაქტურია და ვფიქრობთ, უახლოეს მომავალში შესაძლებელი იქნება, რომ აპარატიდან მოიხსნას. მეორე პაციენტთან სტაბილური დინამიკა გვაქვს. სავარაუდოდ, ხანგრძლივი პერიოდი დასჭირდება რეაბილიტაციისთვის. დღეის მდგომარეობით, მთლიანად კლინიკებში რჩება 10 პაციენტი. გუშინ ერთ-ერთის გამგზავრება მოხდა მიუნჰენის საუნივერსიტეტო კლინიკაში, ასევე დღეს გაემგზავრა ორი პოლიციელი თურქეთში. დღეს ღამით იგეგმება კიდევ ერთი პაციენტის გამგზავრება რეაბილიტაციისთვის ისრაელში. ვადასტურებ, რომ ფონდმა „ქართუმ“ გამოხატა მზაობა დაფინანსებასთან დაკავშირებით, რომ დანახარჯი სრულად აანაზღაუროს“, – აცხადებს თალაკვაძე.
მისი თქმით, მართვით სუნთქვაზე მყოფ პაციენტებთან დაკავშირებით ექიმებს მუდმივ კონსულტაციას უწევენ კოლეგები ისრაელიდან.