ავსტრიისა და შვეიცარიის ალპებში ჩამოწოლილი ზვავის შედეგად ათი ადამიანი დაიღუპა
ავსტრიისა და შვეიცარიის ალპებში ჩამოწოლილ ზვავს ათი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
სხვადასხვა კურორტებზე ბოლო ორ დღეში დაღუპულთა შორის არიან ტურისტები ახალი ზელანდიიდან, ჩინეთიდან და გერმანიიდან.
ავსტრიის ხელისუფლებამ მაღალმთიან რაიონებში ქარისა და უხვი ნალექის გამო ზვავსაშიშროების საფრთხე გამოაცხადა.
მიუხედავად გაფრთხილებისა, ავსტრიის სამთო-სათხილამურო კურორტებზე უამრავი ადამიანი იმყოფება, რადგანაც ამ პერიოდში სკოლებში ზამთრის არდადეგებია.
ავსტრიის პოლიციის მიერ გავრცელებული ცნობით, უქმე დღეებში ტიროლის რეგიონში ხუთი ადამიანი დაიღუპა.
როგორც „ბიბისი“ წერს, მხოლოდ შაბათს ტიროლში ზვავი 30-ჯერ ჩამოწვა. 11 შემთხევევაში ზვავში მოყვნენ ადამიანები.
ადგილობრივი ხელისუფლება მოთხილამურეებს მოუწოდებს, მოერიდონ სათხილამურო ტრასების მიღმა გასვლას.