ავსტრიის ყოფილი კანცლერი ყველა პოლიტიკურ თანამდებობას ტოვებს. ეს გადაწყვეტილება სებასტიან კურცმა მის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიების ფონზე მიიღო. ავსტრიის მთავრობის ყოფილ მეთაურს კორუფციაში სდებენ ბრალს.
როგორც კურცმა განაცხდა, ის ასევე დატოვებს ავსტრიის სახალხო პარტიის ხელმძღვანელისა და საპარლამენტო ფრაქციის ლიდერის თანამდებობებს.
კურცმა აღიარა, რომ პოლიტიკაში გატარებული 10 წლის განმავლობაში, როგორც ნებისმიერმა ადამიანმა, დაუშვა შეცდომები, თუმცა ყოველთვის ცდილობდა გაეკეთებინა ყველაფერი, რაც შეეძლო.
ამასთან, ავსტრიის ყოფილმა კანცლერმა თქვა, რომ ბოლო პერიოდში პოლიტიკის მიმართ ინტერესი დაკარგა. კურცმა პირობა დადო, რომ მის წინააღმდეგ არსებულ ბრალდებებს გააქარწყლებს.
როგორც ავსტრიული მედია წერს, პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილება 35 წლის კურცმა საბოლოოდ რამდენიმე დღის წინ შვილის დაბადების შემდეგ მიიღო. ჟურნალისტების ცნობით, სავარაუდოდ ის კერძო სექტორში მაღალანაზღაურებად სამსახურში დასაქმდება.
ავსტრიის კანცლერად სებასტიან კურცი 2017 წელის დეკემბერში აირჩიეს, 31 წლის ასაკში ის ქვეყნის მინისტრთა კაბინეტის ყველაზე ახალგაზრდა მეთაური გახლდათ. 2019 წლის მაისში „იბიცაგაეითის“ სახელით ცნობილი სკანდალის გამო, მთავრობას პარლამენტმა უნდობლობა გამოუცხადა. მაშინ კანცლერი გადადგა, თუმცა ვადამდელი არჩევნების შემდეგ ხელისუფლებაში დაბრუნდა.
2021 წლის ოქტომბერში კურცი კორუფციაში დაადანაშაულეს, რის გამოც ის კანცლერის პოსტიდან მეორედ გადადგა. 18 ნოემბერს ავსტრიის ეროვნულმა საბჭომ მას დეპუტატის იმუნიტეტი მოუხსნა. კურცს და მის გარემოცვას ავსტრიული გაზეთის მოსყიდვაში ადანაშაულებენ, რის მიზანშიც მედიასაშუალებაში კურცისა და მისი მთავრობის შესახებ პოზიტიური სტატიების გამოქვეყნება გახლდათ. ამასთან ერთად კურცს ბრალად ედება 2016-2018 წლებში მექრთამეობა და თანამდებობის ბოროტად გამოყენება.