თურქეთის ნაკრების ფეხბურთელის ჟესტის გამო, გერმანიის საგარეო უწყებაში თურქეთის ელჩი დაიბარეს
ავსტრიის წინააღმდეგ ევრო 2024-ის მატჩის დროს თურქეთის ნაკრების ფეხბურთელის, მერიჰ დემირალის ულტრამემარჯვენე ჟესტის გამო თურქეთის ელჩი გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.
თურქეთის ნაკრების წევრმა გოლი თურქული ნაციონალისტური ორგანიზაცია „რუხი მგლების“ ჟესტიკულაციით აღნიშნა. როგორც ცნობილია, ფეხბურთელის ამ ჟესტის გამო გამოძიება დაწყებულია უეფა-ში.
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ბერლინს, როგორც ევრო 2024-ის მასპინძელს, სურს, სპორტს გამაერთიანებელი როლი ჰქონდეს.
შეგახსენებთ, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი შაბათს ბერლინში უნდა ჩაფრინდეს. ერდოღანი გეგმავს, რომ მეოთხედფინალის მატჩს დაესწროს, სადაც ერთმანეთს თურქეთი და ნიდერლანდები ხვდებიან.