ავსტრიის შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს კვლავ სახლებში დარჩენისკენ მოუწოდებს
ავსტრიის შინაგან საქმეთა სამინისტრო ვენის მოსახლეობას სახლებში დარჩენისკენ კვლავ მოუწოდებს.
შინაგან საქმეთა მინისტრი, კარლ ნეჰამერი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ მოსახლეობას ურჩევს, დედაქალაქის ცენტრში გასვლისგან თავი შეიკავონ.
ხელისუფლების გადაწყვეტილებით, დღეს სკოლებში გაკვეთილებზე დასწრება სავალდებულო არ არის. შინაგან საქმეთა მინისტრი მშობლებს მოუწოდებს, თავიანთი შვილების სახლში ყოფნა უზრუნველყონ.
გვიან ღამით ვენაში განხოციელებული ტერორისტული თავდასხმის შემდეგ პოლიცია შესაძლო თავდამსხმელის დასაკავებლად ოპერაციას ატარებს.
ვენაში თავდასხმა 2 ნოემბერს, ადგილობრივი დროით 20:00 საათზე მოხდა, „კოვიდ-19“-ის პრევენციის მიზნით საყოველთაო კარანტინის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე. პოლიციის ინფორმაციით, შეიარაღებულმა პირებმა, რომელთა რაოდენობა დაუზუსტებელია, ცეცხლი ექვს სხვადასხვა ლოკაციაზე გახსნეს, მათ შორის ერთი სინაგოგის მიმდებარე ტერიტორია იყო. დაღუპულია ოთხი ადამიანი, დაშავებულია 17 პირი. პოლიციამ ერთი თავდამსხმელი მოკლა. ამასთან, ავსტრიულ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია რამდენიმე დაკავებულის შესახებ.