ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი - საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინისთვის ევროკავშირის სტატუსის გადაცემაზე როდესაც ვსაუბრობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს ბალკანეთის ქვეყნებიც
საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინისთვის ევროკავშირის სტატუსის გადაცემაზე როდესაც ვსაუბრობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს ბალკანეთის ქვეყნებიც, – ეს განცხადება ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ალექსანდერ შალენბერგმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
მოდერატორმა შალენბერგს ჰკითხა, ხომ არ დაგდება ევროკავშირი აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების – მოლდოვის, საქართველოსა და უკრაინის დაკარგვის საფრთხის წინაშე, თუ ახლა არ გადადგამს სიმბოლურ ნაბიჯს და არ მიანიჭებს ამ სახელმწიფოებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს.
„ვიცით, რომ მოსკოვი და პეკინი გვიყურებენ. ცხადია, სიმბოლიზმი არის ამ პროცესის ნაწილი, მაგრამ ეს ვერ იქნება გამოსავალი. ჩვენ უფრო მეტი უნდა ვიფიქროთ, რას ვგულისხმობთ ევროკავშირის სტატუსის გადაცემით. რადგან თუ შემდეგ არაფერი მოხდება 2023-2024 და 2025, 2026 წელს, მაშინ ეს იქნება ძალიან ცუდი გზვანილი და ჩვენ შევქმნით იმედგაცრუებას. ეს ეხება მოლოდინების მენეჯმენტს, თუმცა დიახ, სიმბოლიზმი მნიშვნელოვანია და ვფიქრობ, დღეს მოქმედი ევროპული საბჭო ძალიან მნიშვნელოვანია ამ კუთხით. მაგრამ, რასაც ავსტრია ამბობს, არის ის, რომ ჩვენ პასუხისმგებლობა გვაქვს არ მხოლოდ აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი სახელმწიფოების მიმართ, არამედ დასვლეთ ბალკანეთის მიმართაც. თუ ვსაუბრობთ უკრაინაზე, მოლდოვასა და საქართველოზე, მაშინ უნდა ვისაუბროთ ბოსნიაზე, ჩრდილოეთ მაკედონიაზე, ალბანეთზე და კოსოვოზეც. ეს არის ჩვენი მიდგომა. ჩვენ, ევროკავშირს, პასუხისმგებლობა გვაკისრია სამეზობლოზე. არჩევანი შემდეგია – ან სტაბილურობის, მშვიდობისა და კეთილდღეობის ექსპორტს ვახორციელებთ, ან მივიღებთ არასტაბილურობის იმპორტს“, – განაცხადა შალენბერგმა.