ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი - ევროკავშირმა უნდა შეცვალოს მიდგომა მომავალი წევრების მიღებასთან დაკავშირებით, ჩვენ არ შეგვიძლია ლოდინი, ვიდრე ველოდებით, შესაძლოა, დავკარგოთ უკრაინა და დასავლეთ ბალკანეთი
ევროკავშირმა უნდა შეცვალოს მიდგომა მომავალი წევრების მიღებასთან დაკავშირებით, როგორებიცაა უკრაინა, მოლდოვა ან დასავლეთ ბალკანეთი, – ამის შესახებ ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ალექსანდრ შალენბერგმა „პოლიტიკოსთან“ საუბრისას განაცხადა.
„გაფართოება არ არის ბიუროკრატიული მცდელობა, ეს არ არის ლეგალური მცდელობა, ეს არ არის ხელშეკრულებების ყველა მძიმისა და აბზაცის გამოყენება, არამედ ეს არის ღია, თავისუფალი დემოკრატიების ცხოვრების გარკვეული მოდელის გავრცელება და უზრუნველყოფა“, – განაცხადა შალენბერგმა.
ავსტრიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა გაიხსენა, რომ გაფართოებასთან დაკავშირებით მხარდაჭერა წარსულშიც არსებობდა, როდესაც 1981 წელს დემოკრატიის შესანარჩუნებლად საბერძნეთი ევროკავშირში მიიღეს, ასევე 1986 წელს, როდესაც გაერთიანებაში პორტუგალია და ესპანეთი მიიღეს.
„აუცილებელი იყო იმის უზრუნველყოფა, ამ ქვეყნებს გაეცნობიერებინათ, რომ ისინი ჩვენი ოჯახის ნაწილი არიან. ჩვენ იგივე უნდა გავაკეთოთ ახლა უკრაინასთან, მოლდოვასა და დასავლეთ ბალკანეთთან.
ჩვენ არ შეგვიძლია ლოდინი, რადგან ვიდრე ველოდებით, შესაძლოა, დავკარგოთ უკრაინა, შესაძლოა, დავკარგოთ დასავლეთ ბალკანეთი“, – განაცხადა ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
შალენბერგი მიიჩნევს, რომ ახალ წევრ ქვეყნებს შეუძლიათ, ევროკავშირის საბჭოში დამკვირვებლის სტატუსი ჰქონდეთ და მონაწილეობა მიიღონ დისკუსიებში, მაგრამ გადაწყვეტილების მიღება 27 წევრ სახელმწიფოს დარჩება.
ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა 21 აგვისტოს „ტვიტერის“ გვერდზე დაწერა, რომ საჭიროა, ევროკავშირის წევრობის ასპირანტი ქვეყნები ევროკავშირთან უფრო სწრაფად დააახლოონ. ასევე, 28 აგვისტოს ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი მზად უნდა იყოს 2030 წლისთვის ახალი წევრების მისაღებად. ამავე თემაზე განცხადება გააკეთა ევროკომისიის პრესსპიკერმა, დანა სპინატმა, რომელმაც აღნიშნა, რომ ორიენტირებული არ არიან ევროკავშირში ახალი ქვეყნების გაწევრიანების თარიღზე. ამასთან, 31 აგვისტოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა აღნიშნა, რომ ევროკავშირს სჭირდება საორიენტაციო თარიღი ახალი წევრებისთვის, რომელთა რაოდენობა, შესაძლოა, ათი იყოს. გაფართოებისა და სამეზობლო საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეიმ კი განაცხადა, რომ ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებით ოქტომბერში არსებით წინადადებებს წარადგენენ.