ავსტრიის პრეზიდენტი - როგორც ტიროლელს, განსაკუთრებით მიხარია, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთსა და ტიროლს შორის მემორანდუმი გაფორმდა
როგორც ტიროლელს, განსაკუთრებით მიხარია, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთსა და ტიროლს შორის მემორანდუმი გაფორმდა, – ამის შესახებ ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალურმა პრეზიდენტმა, ალექსანდერ ვან დენ ბელენმა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, მომავალ წელს კი ინსბურგსა და თბილისს შორის პარტნიორობის 40 წელს იზეიმებენ.
„როგორც ტიროლელს, განსაკუთრებით მიხარია, რომ ამ დღეებში გაკეთდა განცხადება და გაფორმდა მემორანდუმი სამეგრელო-ზემო სვანეთსა და ტიროლს შორის. გარდა ამისა, მომავალ წელს გვექნება ინსბურგსა და თბილისს შორის 40 წლის პარტნიორობის ზეიმი, დაძმობილებული ქალაქების ზეიმი. კულტურულადაც ძალიან ბევრ რაღაცას ვიძენთ საქართველოსთან თანამშრომლობით. მაგალითად, ქართველი სოპრანო, ნინო მაჩაიძე, რომელიც 10 წელია, უკვე ვენის სახელმწიფო ოპერაში მღერის და ასევე გამოდის ზალცბურგის ფესტივალზე, ის ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანია ჩვენთვის“, – განაცხადა ავსტრიის პრეზიდენტმა.