ავსტრიის პრესის სააგენტო საქართველოს შესახებ სტატიას აქვეყნებს - პატარა ქვეყნის დიდი ძალისხმევა, როგორ გახდა საქართველო სამაგალითო COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში
პატარა ქვეყნის დიდი ძალისხმევა: როგორ გახდა საქართველო სამაგალითო COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში, – ამ სათაურით აქვეყნებს ავსტრიის პრესის სააგენტო (APA) სტატიას, სადაც ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის ინტერვიუზე დაყრდნობით დეტალურადაა განხილული ის ნაბიჯები, რომლებიც ქვეყანამ პანდემიის შეჩერების მიზნით გადადგა.
სტატიაში ხაზგასმულია, რომ საქართველომ არა მხოლოდ დროულად გაითვალისწინა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები, არამედ ვირუსთან ბრძოლის საკუთარი სტრატეგია შეიმუშავა, რომელიც მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ქვეყნის მასშტაბით ვირუსის გავრცელების შესამცირებლად.
„იანვრის დასაწყისშივე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მხრიდან გადაიდგა კონკრეტული ნაბიჯები შესაძლო ეპიდემიის შეჩერებისა და მართვის მიზნით. აეროპორტებში და სახმელეთო საზღვრებზე დაიწყო საინფორმაციო კამპანია. მგზავრები ქვეყანაში შემოსვლისთანავე იღებდნენ ინფორმაციას, როგორ უნდა მოქცეულიყვნენ ვირუსის დამახასიათებელი სიმპტომების აღმოჩენის შემთხვევაში. მალევე საზღვრებზე დაიწყო თერმული სკრინინგიც. გარდა ამისა, რისკის ქვეყნებიდან შემოსული მგზავრები, დაკვირვების მიზნით, პირდაპირ საკარანტინო ზონებში გადაჰყავდათ“, – აღნიშნულია სტატიაში.
გამოცემა ხაზს უსვამს, რომ საქართველომ ვირუსთან ბრძოლის მიზნით, ყველა საჭირო რესურსი გამოიყენა და დამატებით, COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, სპეციალური აპლიკაცია Stop COVID დანერგა, რომელიც მოსახლეობისთვის ინფიცირებულ პირთან შესაძლო კონტაქტის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას ემსახურება.
„ჯერ არ არსებობს მოლოდინი, რომ ახალი კორონავირუსი საქართველოში ან სხვა ქვეყნებში სრულად გაქრება. ამიტომ მნიშვნელოვანია, თითოეულმა სახელმწიფომ და მოქალაქემ ვისწავლოთ ამ ვირუსთან თანაცხოვრება, რათა ეს პროცესი ვაქცინის და უფრო ეფექტური მკურნალობის დანერგვამდე სწორად მართული და უსაფრთხო იყოს“, – აღნიშნავს ეკატერინე ტიკარაძე გამოცემასთან.
სტატიის დასასრულს ნათქვამია, რომ „სწრაფი და ეფექტური ნაბიჯები პანდემიასთან ბრძოლაში საქართველოს ერთ-ერთ სამაგალითო ქვეყანად წარმოაჩენს, რამაც თვალსაჩინო გახადა, რომ კრიზისულ ვითარებაში არა მხოლოდ ქვეყნის რესურსია მნიშვნელოვანი, არამედ მისი ეფექტური და დროული მენეჯმენტი.“