ავსტრიის მმართველი „სახალხო პარტიის“ ხელმძღვანელობამ პარტიის ლიდერად შინაგან საქმეთა მინისტრი კარლ ნეჰამერი აირჩია, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ქვეყნის მომავალი კანცლერი გახდება. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
ნეჰამერი კანცლერის თანამდებობაზე ალექსანდერ შალენბერგს შეცვლის და „სახალხო პარტიისა“ და „მწვანეების“ მმართველ კოალიციას ჩაუდგება სათავეში.
49 წლის კარლ ნეჰამერი ყოფილი სამხედროა. ის შინაგან საქმეთა მინისტრად მიმდინარე წლის დასაწყისში დაინიშნა.
2 დეკემბერს სებასტიანკურცმა, რომელმაც კანცლერის თანამდებობა თითქმის ორი თვის წინ მის წინააღმდეგ კორუფციის საქმეზე დაწყებული გამოძიების გამო დატოვა, „სახალხო პარტიის“ ლიდერის პოსტიდან და პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განაცხადა. მალევე, ავსტრიის მოქმედმა კანცლერმა, ალექსანდრ შალენბერგმა განაცხადა, რომ გადადგება, როგორც კი მმართველი პარტია ახალ თავმჯდომარეს აირჩევს. შალენბერგი კვლავ საგარეო საქმეთა სამინისტროს უხელმძღვანელებს.