ავსტრიის კანცლერი - მადლობა იმ მიდგომებისთვის, რომელსაც საქართველო ინარჩუნებს ოკუპაციის პირობებში და მშვიდობის მხარდაჭერის კუთხით, ამ მხრივ საქართველო ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია
ავსტრიის კანცლერი - მადლობა იმ მიდგომებისთვის, რომელსაც საქართველო ინარჩუნებს ოკუპაციის პირობებში და მშვიდობის მხარდაჭერის კუთხით, ამ მხრივ საქართველო ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია

ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველოს დავუჭიროთ მხარი დასავლურ გზაზე და როგორც ავსტრიის ფედერალურმა კანცლერმა, დიდი მადლობა გადავუხადო იმ მიდგომებისთვის, რომელსაც საქართველო ინარჩუნებს 20%-იანი ოკუპაციის პირობებში და მშვიდობის მხარდაჭერის კუთხით, ამ მხრივ საქართველო მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია, – ამის შესახებ ავსტრიის კანცლერმა კარლ ნეჰამერმა ვენაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც ავსტრიის კანცლერმა აღნიშნა, რუსეთის ომმა შეცვალა ევროპის არქიტექტურა.

„ევროპის ორმა სახელმწიფომ გადაწყვიტა, შეუერთდნენ ნატო-ს, ფინეთსა და შვედეთზეა ლაპარაკი. ორივე სახელმწიფოს რუსეთთან საზღვარი აკავშირებს და ამ ყველაფრის ფონზე დაჩქარდა, უფრო დინამიური გახდა დისკუსია, თუ როგორ უდნა იქნას უზრუნველყოფილი ამ ქვეყნების უსაფრთხოება თუნდაც იმ გზით, რომ მოხდეს მათი ნატო-ში გაწევრიანება. ეს ყველაფერი მეტყველებს, რომ რუსეთის პრეზიდენტის სტრატეგიამ არ გაამართლა. მან მიიღო საზღვარზე უფრო დიდი და უფრო ძლიერი ნატო, რომელიც მზად არის, უფრო დიდი თანხები ჩადოს შეიარაღებაში, ვიდრე აქამდე ხდებოდა. ეს ნიშნავს, რომ რუსეთის სტრატეგიული მიზნები ვერ იქნება მიღწეული“, – განაცხადა კანცლერმა.

მისივე თქმით, ომი თავისთავად წარმოადგენს ტრაგედიას უკრაინელებისთვის, საქართველო თავის მხრივ თავშესაფარს აძლევს უკრაინელ ლტოლვილებს.

„ავსტრიაში მაგალითად 80 000 ლტოლვილია, ქალები და ბავშვები. ჩვენ ვხედავთ, რომ ეს არის ყველაზე მძიმე, ცუდი ფორმა პოლიტიკური დაპირისპირების. საქართველოსთვისაც ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან საქართველო ძალიან მწარე გამოცდილება აქვს კონფლიქტების თვალსაზრისით, თუმცაღა რეგიონში საქართველო აღიქმება ძალიან სანდო შუამავალი კონფლიქტურ მხარეებს შორის. ვფიქრობ, ეს პერსპექტივა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ჩვენი ძალიან კარგი ურთიერთობებისთვის და ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველოს დავუჭიროთ მხარი დასავლურ გზაზე. მინდა, როგორც ავსტრიის ფედერალურმა კანცლერმა, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო იმ მიდგომისთვის, რომელსაც საქართველო ინარჩუნებს 20%-იანი ოკუპაციის პირობებში და მშვიდობის მხარდაჭერის კუთხით. ამ მხრივ საქართველო მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია“, – განაცხადა ავსტრიის კანცლერმა.