ავსტრიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები სექტემბერში გაიმართება, – ამის შესახებ ინფორმაციას ავსტრიული გამოცემები ავრცელებენ.
როგორც ჟურნალისტები იუწყებიან, ავსტრიის კანცლერი სებასტიან კურცი დღეს ქვეყნის პრეზიდენტ ალექსანდრ ვან დერ ბელენს შეხვდა. მოლაპარაკებების დროს კურცი ვადამდელი არჩევნების სექტემბერში დანიშვნის ინიციატივით გამოვიდა, რასაც პრეზიდენტი დაეთანხმა.
ავსტრიის კანცლერის თქმით, ის უახლოეს დღეებში მოლაპარაკებებს გამართავს სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელებთან. მათ შორის პარტია „თავისუფლების“ ახალ თავმჯდომარე ნორბერტ ჰოფერთან.
ავსტრიაში პოლიტიკური კრიზისი მას შემდეგ შეიქმნა, რაც ფარული ჩანაწერის გავრცელების გამო, ვიცე-კანცლერმა ჰიანც-კრისტიან შტრახემ თანამდებობა დატოვა. ჩანაწერში ის სავარაუდოდ რუს ინვესტორს სარფიან სამთავრობო კონტრაქტებს სთავაზობს, სანაცვლოდ კი, წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსებას ითხოვს.