ავსტრიაში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს, რომელიც ქვეყნის ბედს მომდევნო ხუთი წლით განსაზღვრავს. მოსახლეობა პარლამენტის 183 წევრს ირჩევს.
10 000-მდე საარჩევნო უბნიდან პირველი დილის 06:00 საათზე გაიხსნა. ხმის მიცემა 17:00 საათამდე გაგრძელდება.
მოსახლეობას არჩევანის გაკეთება პოლიტიკური სპექტრის ძალიან განსხვავებულ პარტიებს შორის უწევს. დღეს გაირკვევა, მოიპოვებს თუ არა ულტრამემარჯვენე თავისუფლების პარტია ყველაზე მეტ ხმას და გახდება თუ არა ავსტრიაში მთავარი პოლიტიკური ძალა.
შეგახსენებთ, სწორედ ამ ჯგუფმა მოიპოვა წარმატება ივნისში ჩატარებულ ევროპარლამენტის არჩევნებში. ჰერბერტ კიკლსი, ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი პარტიას 2021 წლიდან ხელმძღვანელობს, გამარჯვების შემთხვევაში ის სავარაუდოდ, ავსტრიის კანცლერი გახდება.