ავსტრიაში ჯანმრთელობის შესახებ ცნობის წარდგენის გარეშე იტალიის მოქალაქეებს არ შეუშვებენ
ავსტრიაში ჯანმრთელობის შესახებ ცნობის წარდგენის გარეშე იტალიის მოქალაქეებს არ შეუშვებენ. იტალიიდან დაბრუნებულ ავსტრიელებს კი ორი კვირის განმავლობაში თვითიზოლაცია მოუწევთ. შესაბამისი ზომები ავსტრიის კანცლერმა სებასტიან კურცმა გამოაცხადა.
ავსტრიის მთავრობა იტალიაში მყოფ ყველა მოქალაქეს, სახლებში დაბრუნებისკენ მოუწოდებს. სებასტიან კურცის თქმით, მთავრობა იტალიიდან ავსტრიელების რეპატრიაციისთვის ემზადება.
კორონავირუსის გამო, ავსტრიამ საზღვარზე კონტროლი გაამკაცრა და მასობრივი ღონისძიებები აკრძალა. განსაკუთრებული კონტროლი დაწესდა იტალიის საზღვარზე, სადაც ჯანმრთელობის ცნობის წარდგენას მოითხოვენ.
მთავრობის გადაწყვეტილებით ქვეყანაში დახურულ სივრცეში აიკრძალება ყველა ღონისძიება, რომელშიც 100-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობს, ღია სივრცეში კი აიკრძალება ღონისძიებები 500-ზე მეტი მონაწილით. ამოქმედებული შეზღუდვები აპრილამდე იქნება ძალაში. უნივერსიტეტებში სწავლა ონლაინრეჟიმზე გადავა. დაგეგმილია სკოლებში სასწავლო პროცესის შეწყვეტა.
ავსტრიის კანცლერმა ასევე დამსაქმებლებს მოუწოდა, შესაძლებლობის შემთხვევაში თანამშრომლებს დისტანციურად მუშაობის ნება დართონ.
ამ ეტაპზე ავსტრიაში კორონავირუსის 158 შემთხვევაა დადასტურებული. კორონავირუსის გამო ავსტრიამ ასევე შეაჩერა პირდაპირი ფრენები ირანთან, სამხრეთ კორეასთან და იტალიის ქალაქებთან. ფრენები ჩინეთთან ავსტრიას უკვე შეწყვეტილი ჰქონდა.