ავსტრიის გაზის გამანაწილებელ სადგურზე აფეთქება ტექნიკურ მიზეზებს უკავშირდება. ამის შესახებ ინფორმაცია ავსტრიის პოლიციამ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გაავრცელა. ბაუმგარტენში აფეთქების შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა 18 ადამიანი. ასვტრიული მედიის ცნობით, რამდენიმე ადამიანი ძლიერი დამწვრობებით საავადმყოფოში ვერტმფრენებით გადაიყვანეს.
ბაუმგარტენის გაზის გამანაწილებელი სადგური ევროპაში ერთ-ერთი უმსხვილესია. ამ ჰაბის გავლით დასავლეთ ევროპაში რუსული გაზის მესამედი ხვდება.
როგორც სააგენტო „ბლუმბერგი“ იტყობინება, მომხდარი აფეთქების გამო გაზმომარაგება შეფერხებულია იტალიაში, ხორვატიასა და სლოვენიაში. BBC წერს, რომ იტალიის ეკონომიკის სამინისტრომ საგანგებო სიტუაციის რეჟიმი გამოაცხადა.
„გაზპრომში“ აცხადებენ, რომ ინციდენტის შესახებ ინფორმირებულები არიან და მომხდარის გამო გაზის მიწოდება გადანაწილდება.