ავსტრია სლოვაკეთის საზღვარზე შემოწმებას დაიწყებს
ავსტრია სლოვაკეთის საზღვარზე შემოწმებას დაიწყებს

ავსტრია სლოვაკეთის საზღვარზე შუაღამიდან შემოწმებას დაიწყებს. შესაბამის ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც სამინისტროში განმარტეს, სასაზღვრო კონტროლის დაწესების გადაწყვეტილება ავსტრიამ მას შემდეგ მიიღო, რაც ანალოგიურ ზომებს ჩეხეთის მთავრობამ მიმართა.

მიმდინარე კვირის დასაწყისში ჩეხეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ სლოვაკეთთან საზღვარზე დროებით აღადგენს სასაზღვრო კონტროლს მზარდი არალეგალური მიგრაციის გამო. ჩეხეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, მიმდინარე წლის დასაწყისიდან არალეგალური მიგრაცია 1 200%-ით გაიზარდა. საზღვარზე უკანონო გზით გადასულ პირთა უმეტესობა სირიელია.

2022 წლის დასაწყისიდან ჩეხეთის პოლიციამ ქვეყანაში უკანონო გზით შესული 11 000 მიგრანტი დააკავა. ჩეხეთის მთავრობის განცხადებით, ძირითადად ეს არის ტრანზიტული მიგრაცია, მიგრანტთა უმეტესი ნაწილი გერმანიისკენ მიემართებოდა.