ავსტრია იმიგრანტებისთვის ყოველთვიური დახმარების შემცირებას გეგმავს
ავსტრია იმიგრანტებისთვის ყოველთვიური დახმარების შემცირებას გეგმავს

ავსტრია იმიგრანტებისთვის ყოველთვიური ფინანსური დახმარების შემცირებას გეგმავს. ამის შესახებ BBC იუწყება.

ევროპული სახელმწიფოს კოალიციურმა მთავრობამ უკვე წარადგინა შესაბამისი გეგმა, რომლის მიხედვითაც იმიგრანტებისთვის, მათ შორის ლტოლვილებისთვის გამოყოფილი ყოველთვიური დახმარება 563 ევრომდე შემცირდება. ხოლო ისინი, ვინც გერმანული ენის ტესტს წარმატებით ჩააბარებენ, თვეში 863 ევროს მიიღებენ. ამასთან, იმიგრანტებს ზემოთ აღნიშნული სარგებლის მოთხოვნა ქვეყანაში ხუთი წლის ცხოვრების შემდეგ შეეძლებათ.

ავსტრიის სახალხო პარტიისა და ულტრამემარჯვენე, ნაციონალისტური „თავისუფლების პარტიის“ კოალიციური მთავრობა ხისტი საიმიგრაციო პოლიტიკით არის ცნობილი. ქვეყნის კანცლერმა, სებასტიან კურცმა პოსტზე დანიშვნის დროს ქვეყანაში იმიგრანტების შესამცირებლად შესაბამისი ზომების მიღების პირობა დადო.

2015 წელს, ევროპაში საიმიგრაციო კრიზისის დროს, ავსტრიაში ცხოვრების სურვილით 90 000 პირი ჩავიდა, რაც ქვეყნის მოსახლეობის ერთი პროცენტია. თავდაპირველად ევროპულ სახელმწიფოში მიგრანტებს დადებითად შეხვდნენ. თუმცა, ქვეყნის საიმიგრაციო პოლიტიკა მალევე შეიცვალა.