ავსტრალიის ზოოპარკში მგალობელმა ფრინველმა ჩვილი ბავშვის ტირილის ბრწყინვალედ მიბაძვა ისწავლა — #1tvმეცნიერება
13:37, 03.09.2021
ზოგი ფრინველი ტკბილი გალობით არის ცნობილი, რაშიც არაფერია გასაოცარი, მაგრამ ზოგიერთი ჩიტი ხანდახან ზედმეტად უცნაურ ხმებს გამოსცემს.
ავსტრალიაში, ფრინველები, სახელად დიდი კუდქნარები (Menura novaehollandiae) იმდენად ზუსტად და დიდებულად ბაძავენ საკუთარი გარემოს ხმებს, რომ ნამდვილად შთამბეჭდავი რეპერტუარი გამოსდით. როგორც ნატურალისტი დევიდ ეტენბორო აღნიშნავს, მისი გალობა ყველაზე დახვეწილი, კომპლექსური და მშვენიერია ყველა სხვა ფრინველს შორის.
შეიძლება ასე სულაც არ ფიქრობდეთ, თუ ავსტრალიაში, ქალაქ სიდნეის ტარონგის ზოოპარკში არ ყოფილხართ. ამ ზოოპარკის ბინადარმა, შვიდი წლის დიდმა კუდქნარამ, სახელად ექომ, ჩვილი ბავშვის ტირილის ბრწყინვალედ მიბაძვა ისწავლა.
Bet you weren’t expecting this wake-up call! You’re not hearing things, our resident lyrebird Echo has the AMAZING ability to replicate a variety of calls – including a baby’s cry!
ეს ზოოპარკი ამჟამად COVID-19-ის პანდემიის გამო დახურულია, მაგრამ ამ მომღერალს ეს სულაც არ უშლის ხელს საკუთარ უნარებზე მუშაობაში. The Guardian-ის ცნობით, ექომ მტირალა ბავშვის მიბაძვა დაახლოებით ერთი წლის წინ დაიწყო.
„ვეჭვობ, რომ მან ეს ჩვენი სტუმრებისგან აითვისა. აშკარაა, ეს საქმეზე ლოკდაუნის განმავლობაში დახვეწა“, — ამბობს ზოოპარკის ფრინველების ზედამხედველი ლინ გოლებიოვსკი.
მისი განცხადებით, ამ დროისთვის მას კიდევ ორი ახალი ხმა აქვს ნასწავლი. ერთი არის ელექტროსაბურღის ხმა, რასაც შემზარავად ზუსტად ბაძავს, მეორე კი ხანძრის სიგნალიზაციის ხმა. უფრო მეტიც, ამ სიგნალიზაციის თანმხლები განცხადებაც კი აითვისა და ყვირის — „ევაკუაცია იწყება“.
საინტერესოა, რომ დიდი კუდქნარების სირინქსი (ქვედა ხორხი, მგალობელი ჩიტების ვოკალური ორგანო) სხვა მგალობელ ფრინველებთან შედარებით საკმაოდ მარტივია. ოთხის ნაცვლად, შედგება მხოლოდ სამი წყვილი კუნთისგან და შედარებით პრიმიტიულად არის მიჩნეული.
ასევე უცნობია, რატომ ბაძავენ ისინი გაგონილ ხმებს. ვიცით მხოლოდ ის, რომ ისინი მთელი წლის განმავლობაში გალობენ, როგორც მამრები, ისე მდედრები. მამრები უფრო ზამთრის შეჯვარების სეზონზე გალობენ, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მათი მიმბაძველობითი გალობა არშიყობის ნაირსახეობაა; მდედრები უფრო ხშირად მტაცებელთა ხმებს ბაძავენ, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ეს შეიძლება თავდაცვითი მექანიზმი იყოს.
დიდი კუდქნარები ასევე ცნობილი არიან ანთროპოგენული ხმების მიბაძვით, რასაც შეგიძლიათ უყუროთ ამ ნაწყვეტში დევიდ ეტენბოროს ფილმიდან „ფრინველების ცხოვრება“. თუმცა, ველურ ბუნებაში ასეთი რამ ჯერ ჩაწერილი არ არის.
ვიდეოს ერთ-ერთი პერსონაჟია ავსტრალიის ქალაქ ადელაიდის ზოოპარკის ბინადარი კუდქნარა, სახელად ჩუკი. მშენებლობის ხმების მიბაძვა მან ბრწყინვალედ აითვისა ზოოპარკის ახალი ღობის მშენებლობისას. გადაღებებისას კი კამერის ხმების მიბაძვაც ისწავლა.
ველურ ბუნებაში, კუდქნარების გალობა ძირითადად მათი საცხოვრებლის, ბუჩქებიანი გარემოსას შეესაბამება — ძირითადად ბაძავენ სხვა ფრინველებისა და კუდქნარების გალობას.
„სხვა მგალობელ ფრინველთა მსგავსად, კუდქნარები საკუთარ ვოკალიზაციას სწავლობენ, შესაბამისად, ეს კულტურულად გადამდები თვისებაა“, — ამბობს ბიოლოგი ანასტასია დალციელი ავსტრალიის სამაუწყებლო კორპორაციასთან საუბრისას.
მომზადებულია The Guardian-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.