ავსტრალიის პრემიერი - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ყველა წევრმა მხარი უნდა დაუჭიროს კორონავირუსის ეპიდემიასთან დაკავშირებულ დამოუკიდებელ გამოძიებას
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ყველა წევრმა მხარი უნდა დაუჭიროს კორონავირუსის ეპიდემიასთან დაკავშირებულ დამოუკიდებელ გამოძიებას, – ამის შესახებ ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა, სკოტ მორისონმა განაცხადა.
სკოტ მორისონის თქმით, გამოძიებამ უნდა დაადგინოს კორონავირუსის წარმოშობისა და გავრცელების გარემოებები.
„თუ აპირებთ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მსგავსი კლუბის წევრობას, ასევე იქნება ვალდებულებები და პასუხისმგებლობები. ჩვენ დაგვჭირდება დამოუკიდებელი გამოძიება, რომ ვნახოთ, რა მოხდა და ეს გაკვეთილის სწავლაში დაგვეხმარება. იქნება დებატები ჩატარების დროზე. ჩვენ ეპიდემიასთან გამკლავების შუა ფაზაში ვართ და მესმის ზოგიერთის თავშეკავება, რაც გამოძიების დროს უკავშირდება. ჩვენი მიზანი ძალიან მარტივია – მსოფლიო იყოს უფრო დაცული, როდესაც საქმე ვირუსებს ეხება“, – აღნიშნა მორისონმა.
ავსტრალია ჩინეთს აქტიურად აკრიტიკებს. პეკინი გამოძიების მოწოდებას მკაცრად უარყოფს და ამ ძალისხმევას აშშ-ის მეთაურობით ჩინეთის წინააღმდეგ მიმართულ პროპაგანდას უწოდებს.