ავსტრალიის ნაკრებს ახალი მწვრთნელი ეყოლება
ავსტრალიის ნაკრებს ახალი მწვრთნელი ეყოლება

მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილე ავსტრალიის ნაკრები მწვრთნელის გარეშე დარჩა: ანგელოს პოსტეკოგლუმ თანამდებობა მოულოდნელად დატოვა, იმის მიუხედავად, რომ მან ცოტა ხნის წინ, “სოკერუზი” მუნდიალის ფინალურ ეტაპზე გაიყვანა.

პოსტეკოგლუ ავსტრალიის ნაკრებს 2013-17 წლებში ხელმძღვანელობდა. მისი მეთაურობით, გუნდმა მონაწილეობა მიიღო მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატში (მე-4 ადგილი ჯგუფში, 0 ქულა) და მოიგო 2015 წლის აზიის თასი.

წელს, ზაფხულში ავსტრალიამ კონფედერაციათა თასზე ითამაშა (მე-3 ადგილი ჯგუფში, 2 ქულა), ცოტა ხნის წინ კი საკონტინენტთაშორისო პლეი ოფში ჰონდურასი დაამარცხა და მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გავიდა.

პოსტეკოგლუს სავარაუდო შემცვლელთა სიაში ფავორიტი ჰოლანდიელი გუუს ჰიდინკია, რომელიც გუნდს 2006 წლის მუნდიალზე ხელმძღვანელობდა, იქ მერვედფინალში გაიყვანა, სადაც მომავალ ჩემპიონთან იტალიასთან დამარცხდა (0:1).

ასევე ერთ-ერთ კანდიდატად სახელდება იტალიელი კარლო ანჩელოტი.