ავსტრალიის მოქალაქის მკვლელობის საქმეზე თბილისის მთავარ სამმართველოში გამოკითხვები მიმდინარეობს
ავსტრალიის მოქალაქის მკვლელობის საქმეზე თბილისის მთავარ სამმართველოში გამოკითხვები მიმდინარეობს

ავსტრალიის მოქალაქის მკვლელობის საქმეზე თბილისის მთავარ სამმართველოში ათობით პირის გამოკითხვა მიმდინარეობს. სამართალდამცველებს კითხვები აქვთ გარდაცვლილი ქალის თანამშრომლებთან და მეგობრებთან.

გამოკითხვაზე დაბარებულთა ნაწილმა საგამოძიებო უწყება უკვე დატოვა.

„გამოკითხვაზე დაბარებულია თითქმის ყველა მასწავლებელი, რომელიც მუშაობს საერთაშორისო სახლში. ყველა თანამშრომელი, არამხოლოდ მასწავლებელი. მკითხეს, რა ვიცოდი შანეს შესახებ. ბევრი არაფერი ვიცი, მაგრამ რა ინფორმაციაც მქონდა, ბოლოს ვნახე ერთი თვის წინ, როცა უკვე მთავრდებოდა ჩვენი სასწავლო პროცესი. მითხრა, რომ ძალიან კარგად იყო, გეგმავდა საქართველოში დარჩენას და სწავლების გაგრძელებას სექტემბერში. მას თუ რაიმე პრობლემა ჰქონდა ან ვინმე ემუქრებოდა, მე ასეთი ინფორმაცია არ მქონდა. პირიქით, მითხრა, რომ ძალიან კარგად იყო და მოსწონდა საქართველო. მე არაფერი ვიცი მის პირად ცხოვრებაზე“, – განაცხადა გამოკითხვიდან გამოსვლის შემდეგ „საერთაშორისო სახლის“ პედაგოგმა, ქეთევან კუჭავამ.

შსს-ს ინფორმაციით, თბილისში ავსტრალიის მოქალაქის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. მთაწმინდის ფერდობზე ავსტარლიის მოქალაქის ცხედარი გუშინ იპოვეს.