ავსტრალიის მოქალაქეებს, რომლებიც ბოლო 14 დღის განმავლობაში ინდოეთში იმყოფებოდნენ, ქვეყანაში შესვლა დროებით აეკრძალებათ
ავსტრალიის მოქალაქეებს, რომლებიც ბოლო 14 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ ინდოეთში, ქვეყანაში შესვლა დროებით აეკრძალებათ. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
ჯანდაცვის მინისტრის, გრეგ ჰანთის განცხადებით, აღნიშნული შეზღუდვა 3 მაისიდან შევა ძალაში, ხოლო დაუმორჩილებლობა ჯარიმით ან ხუთი წლის ვადით თავისუფლების აღკვეთით დაისჯება.
საგანგებო მდგომარეობის შესახებ დროებითი გადაწყვეტილება, რომელიც გასულ დღეს მიიღეს, პირველი შემთხვევაა ავსტრალიისთვის, როდესაც საკუთარი მოქალაქეების ქვეყანაში დაბრუნება სისხლის სამართლის დანაშაულად ჩაითვლება.
მკაცრი შეფასება მოჰყვა მთავრობის აღნიშნულ გადაწყვეტილებას ადამიანის უფლებათა დამცველთა მხრიდან.
მათი განცხადებით, მთავრობამ ინდოეთიდან დაბრუნებული ავსტრალიელების უსაფრთხო იზოლირებაზე უნდა გაამახვილოს ყურადღება და არა მათ მკაცრ დასჯაზე.
მთავრობის მიერ შეზღუდვა 15 მაისს გადაისინჯება. რამდენიმე დღის წინ ავსტრალიის მთავრობამ პირდაპირი საჰაერო რეისებიც აკრძალა ინდოეთიდან, რის გამოც მოქალაქეების ნაწილს შემოვლითი გზებით მოუწიათ ქვეყანაში დაბრუნება.