ავსტრალიის ღია - VII დღე - კაცებში პირველი მეოთხედფინალისტი ფრენსის ტიაფო გახდა
ავსტრალიის ღია პირველობაზე მეოთხედფინალისტების გამოვლენა კაცებს შორისაც დაიწყო. პირველმა ამ ეტაპზე 21 წლის ამერიკელმა ფრენსის ტიაფომ გააღწია, რომელმაც თითქმის ოთხსაათიან ბრძოლაში ოთხ სეტში მოუგო ბულგარელ გრიგორ დიმიტროვს – 7:5, 7:6(6), 6:7(1), 7:5.
ორივე ჩოგბურთელი შემტევ თამაშს ანიჭებდა უპირატესობას: ტიაფოს 63 ქულის მომტანი დარტყმა ჰქონდა, დიმიტროვს – 59. ამასთან, მეტოქეები ბევრსაც ცდებოდნენ – უნებლიე შეცდომების ანგარიში იყო: 54:43.
გარდა ამისა, ჩოგბურთელებმა მიღებაზე ერთმანეთს ბევრი შანსი მისცეს: დიმიტროვს 18 ბრეიკ-პოინტი ჰქონდა, მაგრამ მხოლოდ სამი შანსი გამოიყენა, ტიაფოს ამ მხრივ უკეთ ჰქონდა საქმე – 13-დან ხუთი გამოყენებული ბრეიკ-პოინტი.
ტიაფო კარიერაში პირველად ითამაშებს „დიდი სლემის“ ტურნირის მეოთხედფინალში.
საინტერესოა, რომ ამერიკელს სწორედ ამ მატჩის დღეს შეუსრულდა 21 წელი.