აშშ-ის ღია 2022 - ფრენსის ტიაფომ რაფაელ ნადალს ოთხ სეტში მოუგო #1TVSPORT
აშშ-ის ღია 2022 - ფრენსის ტიაფომ რაფაელ ნადალს ოთხ სეტში მოუგო #1TVSPORT

ამერიკელმა ფრენსის ტიაფომ აშშ-ის ღიას მერვედფინალში სენსაციურად დაამარცხა ესპანელი რაფაელ ნადალი და კარიერაში მეორედ გავიდა „დიდი სლემის“ ტურნირების ფინალში. შეხვედრა სამი საათი და 32 წუთი გაგრძელდა და ტიაფომ 6:4, 4:6, 6:4, 6:3 მოიგო. აქამდე ამერიკელს ნადალთან ორიდან ორი მატჩი ჰქონდა წაგებული ისე, რომ ერთი სეტის აღებაც ვერ მოახერხა.

პირველ სეტში ერთადერთი ბრეიკპოინტი ტიაფოს ჰქონდა – მეშვიდე გეიმში შეძლო ბრეიკის შესრულება და ამით სეტებში დაწინაურდა.

მეორე პარტიაში ჩოგბურთელები იოლად იღებდნენ საკუთარ მოწოდებებს. ერთადერთი გამონაკლისი გახდა მეათე გეიმი, რომელშიც ნადალმა ორი ბრეიკპოინტი მიიღო და მეორე შანსი გამოიყენა, რითაც ანგარიში გაათანაბრა. ეს იყო ამ ტურნირზე ტიაფოს მიერ წაგებული პირველი სეტი.

მეორე სეტში ზუსტად იგივე სცენარი იყო, რაც პირველში. ნადალმა ვერაფერი მოუხერხა ტიაფოს მოწოდებას და მის გეიმებზე მხოლოდ შვიდი ქულა აიღო, ამერიკელმა კი ისევ მეშვიდე გეიმში შეასრულა ბრეიკი და ისევ წინ გავიდა სეტებში.

მეოთხე სეტში ნადალმა ბრეიკით 3:1 დაწინაურება მოახერხა, მაგრამ ამის შემდეგ ესპანელის თამაში მთლიანად მოიშალა – მან ზედიზედ ხუთი გეიმი წააგო, მათ შორის, სამი საკუთარ მოწოდებაზე და აშშ-ის ღიას გამოეთიშა.

ნადალმა ექვსიდან ორი ბრეიკპოინტის გამოყენება შეძლო, ტიაფომ – რვიდან ხუთის. ამერიკელმა 18 ეისი ჩააწოდა, ნადალმა – ცხრა, მაგრამ ცხრა ორმაგი შეცდომაც დაუშვა. სტატისტიკური მონაცემებიდან ასევე აღსანიშნავია ამერიკელის 49 „ვინერსი“.

ტიაფო 2018 წლის შემდეგ პირველი ამერიკელია, ვინც აშშ-ის ღიას მეოთხედფინალში ითამაშებს. ამ ეტაპზე მისი მეტოქე რუსი ანდრეი რუბლიოვი იქნება.