ნოვაკ ჯოკოვიჩი ინფიცირებულ დიმიტროვთან კონტაქტის შემდეგ, ტესტის გავლაზე უარს ამბობს
ნოვაკ ჯოკოვიჩი ინფიცირებულ დიმიტროვთან კონტაქტის შემდეგ, ტესტის გავლაზე უარს ამბობს

მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა, ნოვაკ ჯოკოვიჩმა უარი თქვა ხორვატიაში კორონავირუსის ტესტის ჩაბარებაზე, – დაწერა სერბულმა გამოცემა „კურიერმა“ (Kurir) ჩოგბურთელის გუნდის ერთ-ერთ წევრზე დაყრდნობით. კვირას, გრიგორ დიმიტროვმა, რომელიც ჯოკოვიჩის მიერ ორგანიზებულ ტურნირებში მონაწილეობდა, სოციალური ქსელის მეშვეობით გამოაცხადა, რომ კორონავირუსით არის ინფიცირებული.

გაზეთის ინფორმაციით, სერბს არ სურს ტესტის ჩაბარება, რადგან თავს კარგად გრძნობს და არანაირი სიმპტომი არ აქვს როგორც მას, აგრეთვე, მის გარემოცვას. ჯოკოვიჩის ერთ-ერთმა მწვრთნელმა, გორან ივანიშევიჩმა სამი დღის წინ, საკუთარი ინიციატივით ჩააბარა ანალიზი და შედეგი უარყოფითი იყო.

ამასთან, იტყობინებიან, რომ ბელგრადში ჯოკოვიჩი დაუკავშირდება ეპიდემიოლოგს და თავის ექიმს და გაითვალიწინებს მათ რეკომენდაციებს.

მას შემდეგ, რაც დიმიტროვის დადებითი ტესტის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია, ჯოკოვიჩის მიერ ორგანიზებული Adria Tour გამოვიდა განცხადებით, რომელშიც წერია, რომ „ყველა, ვისაც დიმიტროვთან ჰქონდა კონტაქტი, ორშაბათს  ტესტს გაივლის“.

ხორვატული პრესის ცნობით, ქალაქ ზადარის სამედიცინო სამსახურმა მოთამაშეებს წასვლის ნება დართო ისე, რომ მათ ანალიზები არ ჩაუბარებიათ. ამასთან, ზოგიერთებმა გაიარეს ტესტი და პასუხებს ელოდებიან.

გარდა ამისა, ყველას, ვისაც დიმიტროვთან 10 წუთზე მეტი კონტაქტი ჰქონდა, 14-დღიანი თვითიზოლაციის რეკომენდაცია მიეცათ.