საბა ლაზიშვილმა და მერაბ დვალიშვილმა RAF-ზე გაიმარჯვეს
ქართველმა მოჭიდავემ, 21 წლის საბა ლაზიშვილმა აბუ დაბიში, „ეტიჰად არენაზე“ UFC-ის დიდების დარბაზის წევრი, ამერიკელი იურაია ფეიბერი 12 : 7 დაამარცხა. შეხვედრის შემდეგ, ქართველმა სპორტსმენმა გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა, ბრძოლის მიმდინარეობაზე ისაუბრა და მერაბ დვალიშვილის სიტყვებიც გაიხსენა: „მერაბმა მითხრა, რომ მომავალში UFC-ის ჩემპიონი გავხდები. როგორ მოვახერხე ბრძოლის შემოტრიალება? არანაირი განსაკუთრებული სტრატეგია არ მქონია. ასეთ ცუდ ფორმაში აქამდე არასდროს ვყოფილვარ, თუმცა მაინც მოვედი და კაცურად ვიბრძოლე. მზად ვარ, ნებისმიერ მეტოქეს შევხვდე“ – განაცხადა ლაზიშვილმა.
შეგახსენებთ, 11 ნოემბერს, აბუ დაბის ერთ-ერთ სასტუმროში, მერაბ დვალიშვილსა და საბა ლაზიშვილს უსმან ნურმაგომედოვი და მისი თანმხლები პირები თავს დაესხნენ. ინციდენტის შემდეგ ორივე ქართველი დააკავეს, თუმცა ისინი 13 ნოემბერს გაათავისუფლეს. აღსანიშნავია, რომ ლაზიშვილისთვის ეს RAF-ის ეგიდით გამართული სადებიუტო შეხვედრა იყო.
კიდევ ერთი გამარჯვება აბუ დაბიში გამართულ RAF-ის ტურნირზე მერაბ დვალიშვილმა მოიპოვა, რომელმაც ბრაზილიელი მარლონ მორაესი დაამარცხა. შეხვედრა თავისუფალი ჭიდაობის წესებით გაიმართა. დვალიშვილისთვის ეს RAF-ში მეოთხე გამოსვლა და მესამე გამარჯვება იყო.