კაცებს შორის ავსტრალიის ღიას მოქმედმა ჩემპიონმა როჯერ ფედერერმა, ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო სამ სეტში.
მეორე წრეში შვეიცარიელს სერიოზული წინააღმდეგობა გაუწია ბრიტანელმა დანიელ ევანსმა, რომელიც მსოფლიოს 189-ე ნომერია. პირველ ორი სეტში საქმე ტაი-ბრეიკამდე მივიდა. პირველ პარტიაში, რომელშიც არც ერთი ბრეიკი არ ყოფილა, ევანსს ორი ქულა აკლდა სეტის მოგებამდე, მაგრამ ტაი-ბრეიკზე ფედერერმა 3:5-ზე ზედიზედ ოთხი ქულა აიღო.
მეორე სეტში როჯერი ბრეიკით იგებდა, ორი სეტბოლიც ჰქონდა, მაგრამ ევანსმა მოახერხა პარტიის ტაი-ბრეიკზე გადაყვანა, თუმცა იქ უკვე შვეიცარიელი დომინირებდა. მესამე სეტში ფედერერს შანსი აღარ მიუცია ბრიტანელისთვის და ორ საათსა და 33 წუთში 7:6(5), 7:6(3), 6:3 მოიგო.
1/16 ფინალში ფედერერი 21 წლის ამერიკელ ტეილორ ფრიტცს შეხვდება, რომელმაც ოთხ სეტში მოუგო ფრანგ გაელ მონფილსს.