ავსტრალიის ღია 2020 - სერენა უილიამსმა 28 შეცდომის მიუხედავად, ორ სეტში მოიგო
პირველ წრეში რუს პოტაპოვასთან სამი გეიმის წაგების შემდეგ, სერენა უილიამსს მეორე რაუნდში სლოვენიელი ტამარა ჟიდანსეკის წინააღმდეგ უფრო მეტი ბრძოლა მოუწია. მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა ისევ ორ სეტში მოიგო – 6:2, 6:4, მაგრამ გარკვეულ პრობლემებს წააწყდა. კერძოდ, ამერიკელს მატჩში უფრო მეტი უნებლიე შეცდომა ჰქონდა, ვიდრე „ვინერსი” – 28 26-ის წინააღმდეგ. სერენას წესრიგში ჰქონდა პირველი მოწოდება, მეორე მოწოდებისას კი ქულების მხოლოდ 46 პროცენტი მოიგო. უილიამსმა 14 ბრეიკ-პოინტამდე მიაღწია და ოთხჯერ აიღო მეტოქის მოწოდება.
სერენა უილიამსი მეცხრამეტედ ითამაშებს ავსტრალიის ღიას მესამე წრეში. ამერიკელი ერთადერთხელ ვერ მივიდა ამ რაუნდამდე, როცა 1998 წელს, სადებიუტო ტურნირზე მეორე რაუნდში უფროს დასთან, ვინუს უილიამსთან წააგო.
1/16 ფინალში უილიამსი ჩინელ კიან ვანგს შეხვდება.