ამერიკელმა ჩოგბურთელმა სერენა უილიამსმა „დიდი სლემის” 24-ე ტურნირის მოგებაზე ოცნება როლან გაროსამდე უნდა გადადოს. მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი ნაადრევად გამოეთიშა ავსტრალიის ღია პირველობას – მან მესამე წრეში სამ სეტში წააგო ჩინელ კიან ვანგთან – 4:6, 7:6(2), 5:7.
ამერიკელი პრაქტიკულად მთელი მატჩი მდევრის როლში იყო და რამდენიმე რთული მომენტიდან გამოსვლა მოუწია. მაგალითად, მეორე სეტში 5:4-ზე ვანგი მატჩზე აწვდიდა, მაგრამ უილიამსმა ტაი-ბრეიკამდე მიიყვანა საქმე და იქ დამაჯერებლად მოიგო. მესამე სეტში ჩინელმა ძალიან ძლიერად ითამაშა თავის მოწოდებაზე და ერთი ბრეიკ-პოინტიც არ დაუთმო მეტოქეს, თავად კი მე-12 გეიმში შესრულებული ბრეიკით, კარიერაში ყველაზე დიდ გამარჯვებას მიაღწია.
აღსანიშნავია, რომ შარშან, აშშ-ის ღია პირველობაზე სერენამ 44 წუთში გაანადგურა ჩინელი – 6:1, 6:0, თუმცა, ახლა, ვანგმა რევანშის აღება შეძლო.
სერენა უილიამსს კარიერაში „დიდი სლემის” 23 ტურნირი აქვს მოგებული, ამ მაჩვენელით აბსოლუტური რეკორდსმენია ავსტრალიელი მარგარეტ კორტი და სერენა ვერ ახერხებს მის დაწევას. ამერიკელს 2017 წლის იანვრის შემდეგ „დიდ სლემზე” აღარ მოუგია.