ავსტრალიის ღია 2020 - კაროლინ ვოზნიაცკიმ კარიერაში ბოლო მატჩი ჩაატარა
დანიელმა ჩოგბურთელმა კაროლინ ვოზნიაცკიმ კარიერა დაასრულა. მსოფლიოს ყოფილ პირველ ჩოგანს გამოცხადებული ჰქონდა, რომ ავსტრალიის ღია პირველობა მისი ბოლო ტურნირი იქნებოდა. და აი, დანიელმა მელბურნის კორტებზე ორი წრის გავლის შემდეგ, 1/16 ფინალში წააგო ტუნისელ ონს ჟაბორთან – 5:7, 6:3, 5:7.
პრაქტიკულად თანაბარ ბრძოლაში ოდნავ უფრო მეტად გაუმართლა აფრიკელ ჩოგბურთელს. მეტოქეებს თანაბარი რაოდენობის (12-12) ბრეიკ-პოინტები ჰქონდათ, ჟაბორმა ხუთი შანსი გამოიყენა, ვოზნიაცკიმ – ოთხი. აღსანიშნავია, რომ მესამე სეტში დანიელი 0:3-ს აგებდა და მოახერხა ანგარიშის გათანაბრება, მაგრამ ბოლო გეიმში ბრეიკით ჟაბორმა მერვედფინალში თამაში გაინაღდა.
ვოზნიაცკიმ კარიერაში 624 მატჩი მოიგო და 259-ჯერ დამარცხდა. მოიპოვა WTA-ის 30 ტიტული. „დიდ სლემზე ერთადერთი გამარჯვება ჰქონდა – 2017 წელს ავსტრალიაში. ასევე ორჯერ იყო აშშ-ის ღიას ფინალში – 2009 წელს და 2014 წელს. 2010 წლის 11 ოქტომბერს მსოფლიოს პირველი ჩოგანი გახდა და 71 კვირის განმავლობაში ინარჩუნებდა პირველობას. კარიერის განმავლობაში გამოიმუშავა 34 075 665 დოლარი, რაც ჩოგბურთის ისტორიაში მეოთხე მაჩვენებელია.