ავსტრალიის ჩრდილოეთ რეგიონი ერთ დროს ჩრდილოეთ ამერიკის ნაწილი იყო - ახალი კვლევა
გეოლოგები თანხმდებიან, რომ მილიარდობით წლის წინ, კონტინენტების კონფიგურაცია ძალიან განსხვავებული იყო. ერთგვარი თავსატეხია იმის გაგება, თუ როგორ იყვნენ ისინი ერთმანეთში ჩამჯდარი. ამ ყველაფერს მკვლევრები ქანებისა და ნამარხების საშუალებით იკვლევენ.
ახლახან, მკვლევრებმა იპოვეს მთელი რიგი ქანები, რომლებიც რაღაც საკვირველს მეტყველებს: ავსტრალიის ნაწილი, ერთ დროს, დაახლოებით 1,7 მილიარდი წლის წინ, შეერთებული უნდა ყოფილიყო ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტის კანადის ნაწილთან.
სინამდვილეში, იმის აღმოჩენა, რომ ეს ორი კონტინენტი ერთ დროს შეერთებული იყო, სულაც არაა განსაკუთრებული სიურპრიზი. ვარაუდები ასეთი შეერთების შესახებ, 1970-იანი წლების ბოლოდან არსებობს, როდესაც ერთ-ერთი კვლევა ამ შეერთებას კონტინენტ როდინიას პერიოდით ათარიღებდა, დაახლოებით 1,13 წლის წინანდელი ეპოქით. თუმცა, შეერთების ზუსტი დრო და ადგილი საკამათო რჩებოდა.
ავსტრალიის ჩრდილო-აღმოსავლეთში მდებარე პატარა ქალაქ ჯორჯტაუნში აღმოჩენილი ქანები სრულიად განსხვავდება ავსტრალიის კონტინენტის ქანებისაგან.
სამაგიეროდ, ძალიან ჰგავს კანადაში ნაპოვნ უძველეს ქანებს, კონტინენტური ქერქის მოშიშვლებულ ნაწილს, რომელსაც კანადის ფარს უწოდებენ.
კურტინის უნივერსიტეტის, მონაშის უნივერსიტეტისა და კუინზლენდის გეოლოგიური კატალოგიზაციის მკვლევართა თქმით, ამ მოულოდნელ აღმოჩენას დღის სინათლეზე გამოაქვს გარკვეული ცნობები უძველეს სუპერკონტინენტ ნუნას შემადგენლობის შესახებ.
„როგორც ჩვენი კვლევა აჩვენებს, 1,7 მილიარდი წლის წინ, ჯორჯტაუნის ქანები დალექილა თავთხელ ზღვაში მაშინ, როცა ეს რეგიონი ჩრდილოეთ ამერიკის ნაწილი იყო. მას შემდეგ, ჯორჯტაუნი ჩრდილოეთ ამერიკას მოსწყდა და 100 მილიონი წლის შემდეგ, შეეჯახა ჩრდილოეთ ავსტრალიის მაუნტ-ისას რეგიონს“, — ამბობს კურტინის უნივერსიტეტის დოქტორანტი, კვლევის ავტორი ადამ ნორდსვანი.
„ეს გახლდათ გლობალური კონტინენტური რეორგანიზაციის კრიტიკული ნაწილი, როცა დედამიწის თითქმის ყველა კონტინენტი გაერთიანდა, რათა წარმოექმნათ სუპერკონტინენტი ნუნა“.
უკანასკნელი პერიოდი, როცა კონტინენტები ერთმანეთთან ახლოს იყვნენ, იყო უმთავრესი სუპერკონტინენტი პანგეა, რომელიც დაახლოებით 175 მილიონი წლის წინ დაირღვა.
თუმცა, პანგეამდე, პლანეტამ გამოსცადა სუპერკონტინენტთა რამდენიმე კონფიგურაცია — ერთ-ერთი მათგანი იყო ნუნა, ასევე ცნობილი, როგორც კოლუმბია, რომელიც დაახლოებით 2,5-1,5 მილიარდი წლის წინ არსებობდა.
ჯგუფი აღნიშნულ დასკვნამდე მას შემდეგ მივიდა, რაც შეისწავლა ახალი დანალექოვანი მონაცემები, ისევე როგორც ჯორჯტაუნისა და ჩრდილო-აღმოსავლეთ ავსტრალიის კიდევ ერთი მიყრუებული ქალაქის — მაუნტ-ისას ახალი, ამაღელვებელი გეოქრონოლოგიური მონაცემები, შემდეგ კი ისინი კანადის ქანებს შეადარეს.
კვლევის მიხედვით, როდესაც ნუნამ დარღვევა დაიწყო, ჯორჯტაუნის ზონა ავსტრალიასთან დარჩა.
როგორც მკვლევრები დოკუმენტში აღნიშნავენ, ეს ყველაფერი ეჭვქვეშ აყენებს ამჟამინდელ მოდელს, რომლის მიხედვითაც, ჯორჯტაუნის რეგიონი ეკუთვნოდა კონტინენტს, რომელიც 1,7 მილიარდი წლის წინ, ავსტრალია უნდა გამხდარიყო.
მკვლევრებმა ასევე მიაგნეს ახალ მტკიცებულებას, რომლის მიხედვითაც, ჯორჯტაუნი და მაუნტ-ისას მთის ქედები ორი რეგიონის შეჯახების შედეგად წარმოიქმნა.
„ჩვენი ჯგუფის კვლევა აჩვენებს, რომ მთის ეს სარტყელი, ჰიმალაისგან განსხვავებით, არ უნდა ყოფილიყო ძალიან მაღალი, რაც მიუთითებს კონტინენტური თავშეყრის ფინალურ პროცესზე, რამაც განაპირობა ის, რომ სუპერკონტინეტ ნუნას ფორმაცია არ გახლდათ ისეთი სასტიკი შეჯახების შედეგი, როგორც ეს ინდოეთის აზიასთან შეჯახების შემთხვევაში იყო“, — ამბობს კვლევის თანაავტორი ჟენგ-სიანგ ლი.
„ეს ახალი აღმოჩენები გადამწყვეტი ნაბიჯია იმის გასარკვევად, თუ როგორ შეიძლება ჩამოყალიბებულიყო დედამიწის პირველი სუპერკონტინენტი ნუნა — თემა, რომელსაც აქტიურად სწავლობს ჩვენი, კურტინის უნივერსიტეტის მრავალდისციპლინური ჯგუფი“.
კვლევა ჟურნალ Geology-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია curtin.edu.au-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.