ავსტრალიაში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკება მოხდა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერსი“ ავრცელებს.
სიდნეისა და მელბურნში ასობით ადამიანი გამოვიდა ხელისუფლების მიერ კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების გასაპროტესტებლად. შეკრებილთა დასაშლელად პოლიციას წიწაკის სასხურის გამოყენება მოუწია.
დაკავებულთა ან დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ვიქტორიის შტატის ინფორმაციით, პროტესტის მონაწილე ყველა იდენტიფიცირებული პირი 5000 ავსტრალიური დოლარით დაჯარიმდება.
ავსტრალიაში კორონავირუსის დელტა ვარიანტის გავრცელების გამო, დიდი ქალაქები ე.წ. ლოქდაუნის რეჟიმში არიან გადასულები. მოსახლეობას გადაუდებელი აუცილებლობის გარდა სახლიდან გასვლა ეკრძალებათ. აკრძალულია კერძო და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობაც. დიდ ქალაქებში ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ავსტრალიის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცები პატრულირებენ, რომლებიც მოსახლეობის მხრიდან დაწესებული შეზღუდვების შესრულებას აკონტროლებენ.