ავსტრალიაში კარანტინის გაუქმების მოთხოვნით გამართულ აქციაზე ათი ადამიანი დააკავეს
ავსტრალიის ქალაქ მელბურნში პოლიციამ კარანტინის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე 10 ადამიანი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.
ვიქტორიის შტატის ქალაქ მელბურნის ცენტრში, ადგილობრივი პარლამენტის შენობასთან კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების გასაპროტესტებლად 150-მდე ადამიანი სოციალური დისტანცირების წესების დარღვევით შეიკრიბა. კარანტინის ფარგლებში დაწესებული ზომების დარღვევისთვის ავსტრალიაში დაახლოებით ათასი ამერიკული დოლარის ოდენობის ჯარიმაა გათვალისწინებული.
ავსტრალიის ხელისუფლებამ კარანტინის შემსუბუქება დაიწყო. თუმცა ვიქტორიის შტატში აკრძალვების ეტაპობრივი გაუქმება გადაიდო მას შემდეგ, რაც შტატში კორონავირუსით ინფიცირების ახალმა შემთხვევებმა იმატა.
ავსტრალიაში სულ გამოვლენილია „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 6 941 შემთხვევა, აქედან 1 500-მდე ადამიანი ვიქტორიის შტატში დაინფიცირდა.