ავსტრალია იერუსალიმის დასავლეთ ნაწილს ისრაელის დედაქალაქად აღიარებს
ავსტრალია იერუსალიმის დასავლეთ ნაწილს ისრაელის დედაქალაქად აღიარებს. ამის შესახებ ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა დაადასტურა. სკოტ მორისონმა აღნიშნა, რომ საელჩოს თელ-ავივიდან იერუსალიმში გადატანას ჯერ არ აპირებენ.
პრემიერ-მინისტრმა დასძინა, რომ ავსტრალია ასევე აღიარებს პალესტინის სწრაფვას აღმოსავლეთ იერუსალიმის მის დედაქალაქად აღიარებასთან დაკავშირებით. სკოტ მორისონის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება ავსტრალიელ პოლიტიკოსებთან და სხვა მოკავშირეებთან ხანგრძლივი კონსულტაციების შემდეგ მიიღეს.
იერუსალიმის დასავლეთ ნაწილის ისრაელის დედაქალაქად აღიარებასთან ერთად ავსტრალია იმედოვნებს, რომ ისრაელთან თავდაცვისა და სავაჭრო სფეროებში ითანამშრომლებს.
იერუსალიმის სტატუსი ისრაელსა და პალესტინას შორის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური სადავო საკითხია. ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის აღიარების შესახებ განცხადება გასულ წელს დონალდ ტრამპმა გააკეთა. ამით თეთრი სახლის ლიდერმა ამერიკის შეერთებული შტატების ათწლეულების განმავლობაში არსებული პოლიტიკა შეცვალა და აშშ-ის საელჩო თელ-ავივიდან იერუსალიმში გადაიტანა.
მოგვიანებით შტატების გადაწყვეტილებას ჩეხეთი, ბრაზილია, გვატემალა და ჰონდურასიც შეუერთდნენ.