ავლაბრის მოედნისა და მეტროსადგურ „ავლაბრის“ მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა დაიწყო
ავლაბრის მოედნისა და მეტროსადგურ „ავლაბრის“ მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა დაიწყო

თბილისის მერიის ინფორმაციით, ისნის რაიონში ავლაბრის მოედნისა და მეტროსადგურ „ავლაბრის“ მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა და განახლება მიმდინარეობს. მათივე ცნობით, პროექტის მიხედვით, რეაბილიტაცია ჩაუტარდება მეტროსადგურ „ავლაბრის“ მიმდებარედ არსებულ გამწვანებულ კედელს, ასევე, ავლაბრისა და ერევნის სკვერებს.

მიმდინარე სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე გაეცნო.

„დავიწყეთ ავლაბრის მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოები. ქეთევან დედოფლის გამზირის რეაბილიტაცია უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს. გადასული ვართ გამზირის მეორე მონაკვეთზე, სადაც მიწისქვეშა კომუნიკაციები მთლიანად იცვლება. ჩვენ დაანონსებული გვქონდა ავლაბრის მოედნის სრული განახლება-რეაბილიტაცია, რომლის სამუშაოები უკვე დაიწყო. პარალელურად, ერევნისა და ავლაბრის სკვერების რეაბილიტაცია განხორციელდება, ტერიტორია გამწვანდება და დაირგვება ხე-მცენარეები. ავლაბრის მოედანს მთლიანად ექნება სახე შეცვლილი. ძალიან მალე დავიწყებთ მეტროსადგურის განახლება-რეაბილიტაციას, სადაც შენარჩუნდება მწვანე კედელი, რომელიც ძალიან ლამაზი იქნება. ელექტროსადენები მიწისქვეშ განთავსდება, მოედანი ფართოვდება და საავტომობილო მოძრაობის ახალი სქემა იქნება წარმოდგენილი. მოქალაქეებს გადაადგილებისთვის ძალიან დიდი სივრცე ექნებათ. ვფიქრობთ, სამუშაოები ნოემბრისთვის დასრულდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, დედაქალაქის მერიის ცნობით, ქეთევან დედოფლის გამზირის რეაბილიტაციის პარალელურად, ავლაბრის მოედნისა და მეტროსადგურ „ავლაბრის“ მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოები განხორციელდება. მოეწყობა საფეხმავლო სივრცე და გზაგამყოფი კუნძულები, რაც ბუნებრივი ქვის მასალებით მოპირკეთდება. ასევე, მოედანზე დამონტაჟდება გარე განათების თანამედროვე ტიპის LED ლამპიონები, მიწისქვეშა ურნები, განთავსდება სკამები, დაითესება ბალახი და დამონტაჟდება სარწყავი სისტემა.

როგორც მერიაში აცხადებენ, ტერიტორია მთლიანად ადაპტირდება შშმ პირებისთვის. აღნიშნული სამუშაოების შემდეგი ეტაპი მეტროსადგურ „ავლაბრის“ სრული რეაბილიტაცია იქნება. იგეგმება როგორც შიდა სადგურის, ასევე, გარე ფასადის კეთილმოწყობის სამუშაოები.

დედაქალაქის მერთან ერთად, ადგილზე იმყოფებოდნენ ისნის რაიონის გამგებელი ნიკოლოზ ელისაშვილი, თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი ლევან ნაროუშვილი, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი კახა ლაბუჩიძ.