„ავიამშენის“ დასაქმებულებსა და კომპანიის აღმასრულებელ დირექტორს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა
„ავიამშენის“ დასაქმებულებსა და კომპანიის აღმასრულებელ დირექტორს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
აქციის მონაწილეები კომპანიისგან კუთვნილი ხელფასისა და დანამატის დროულად გაცემას ითხოვენ. პრობლემის მოსაგვარებლად მათ კომპანიის აღმასრულებელ დირექტორთან, ირაკლი გოგიბერიძესთან შეხვედრა მოითხოვეს.
კომპანიიის აღმასრულებელი დირექტორი აქციის მონაწილეებს შეხვდა, თუმცა როდის მოხდება მათი სახელფასო დავალიანების გასტუმრება, კონკრეტული თარიღი არ დაუსახელებია. სწორედ ამან გამოიწვია აქციის მონაწილეთა უკმაყოფილება.
„ჩემს პასუხისმგებლობას ვხედავ იმ კუთხით, რომ ვერ მოხდა თანხების მობილიზება დროულად, მაგრამ ამაში ჩემი პირადი სუბიექტური მიზეზები ნაკლებია, არის მთლიანად ობიექტურ მიზეზებზე დამოკიდებული. თქვენ გექნებათ თვენი ხელფასი, მაშინ როცა გვექნება ფული. თქვენ გაქვს უფლება გაიფიცოთ“, – განაცხადა „ავიამშენის“ აღმასრულებელმა დირექტორმა.
აქციის მონაწილეები სახელფასო დავალიანების გასტუმრებასთან ერთად, აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლებასაც ითხოვენ, წინააღმდეგ შემთვევაში პერმანენტულ აქციებს გეგმავენ.