ავიაკომპანიებს შეეძლებათ, ცარიელი თვითმფრინავებით შემოვიდნენ საქართველოში, რათა ტურისტად მყოფი ირანის მოქალაქეები სამშობლოში დაბრუნდნენ
ირანის ისლამური რესპუბლიკიდან საქართველოში და პირიქით ფიზიკური პირების გადაადგილების შეზღუდვის შემდეგ, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ავიაკომპანიებს შეეძლებათ, ცარიელი თვითმფრინავებით შემოვიდნენ საქართველოში, რათა ტურისტად მყოფი ირანის მოქალაქეები სამშობლოში დაბრუნდნენ.
ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.
მათივე ცნობით, ამ ეტაპზე შეჩერდება მგზავრების შემოყვანა ირანიდან საქართველოში.
საგარეო უწყების ინფორმაციით, ამ ეტაპზე, გადაადგილებისთვის დარჩება სახმელეთო საზღვარი, თუმცა დაწესდება მკაცრი შეზღუდვები.
„როგორც ცნობილია, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასა და მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსის გავრცელების დღიდანვე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის განკარგულებით, შექმნილია მთავრობის უწყებათაშორისი ჯგუფი, რომლის მუშაობასაც კოორდინაციას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო უწევს. ჯგუფი ყოველდღიურად, 24-საათიან რეჟიმში აკვირდება ვირუსის გავრცელების მხრივ მსოფლიოში შექმნილ ვითარებას და ახდენს დაგეგმარებას, კონკრეტულ ნაბიჯებს დგამს საქართველოს ტერიტორიაზე ვირუსის შემოღწევის თავიდან აცილებისა და მოსახლეობის მაქსიმალურად დაცვის მიმართულებით.
ამ მხრივ, საქართველოს მთავრობამ ოპერატიულად გადადგა ნაბიჯები და ვირუსის აფეთქების საწყის ეტაპზევე შეაჩერა ჩინეთთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა. საქართველოს მთავრობამ სათანადო ზომები მიიღო ასევე ჩინეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
საქართველოს მთავრობა მუდმივ კავშირზეა როგორც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან, ისე საერთაშორისო თანამეგობრობის ქვეყნებთან ვირუსის გავრცელების მასშტაბების შესახებ ოპერატიული ინფორმაციის მიღების მიზნით. როგორც ცნობილია, ამჟამად კორონავირუსის გავრცელების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, ჩინეთის შემდგომ, დაფიქსირდა ირანის ისლამურ რესპუბლიკაში. საქართველოს მთავრობა მუდმივად კავშირზეა ირანის ხელისუფლებასთან, რათა ოპერატიულ რეჟიმში მიიღოს ინფორმაცია შექმნილი მდგომარეობის და მიმდინარე საპრევენციო ღონისძიებების შესახებ. არსებული ინფორმაციით, ირანის მთავრობა მიმართავს ყველა ზომას კორონავირუსის შემთხვევების შემდგომი ზრდის პრევენციისთვის, ასევე აწარმოებს ირანიდან გამავალი მგზავრების სქრინინგს. აღნიშნულის მიუხედავად, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება შეზღუდოს ფიზიკური პირების გადაადგილება ირანის ისლამური რესპუბლიკიდან საქართველოში და პირიქით.
მთავრობის გადაწყვეტილებით, ამ ეტაპზე შეჩერდება მგზავრების შემოყვანა ირანიდან საქართველოში. ავიაკომპანიებს შესაძლებლობა ექნებათ ცარიელი თვითმფრინავებით შემოვიდნენ საქართველოს სივრცეში, რათა ტურისტად მყოფმა ირანის მოქალაქეებმა შეძლონ ირანში დაბრუნება. ამ ეტაპზე, გადაადგილებისთვის დარჩება სახმელეთო საზღვარი, თუმცა დაწესდება მკაცრი შეზღუდვები და აღნიშნული მიმართულებით, აქტიურად ვმუშაობთ მეზობელ ქვეყნებთან. საქართველოს მთავრობა აკვირდება მოვლენების განვითარებას და ასევე განაგრძობს მუშაობას მეზობელ სომხეთთან და აზერბაიჯანთან. მომავალში, თუ ამის საჭიროება დადგა, არ გამოვრიცხავთ სახმელეთო საზღვარზე გადაადგილების შეზღუდვასაც. საქართველოს მთავრობამ უკვე გააფრთხილა საქართველოს მოქალაქეები, თავი შეიკავონ ირანში მგზავრობისგან, ხოლო ირანში მყოფ მოქალაქეებს, საჭიროების შემთხვევაში, შეუძლიათ დაუკავშირდნენ საქართველოს საელჩოს თეირანში (+989122997726 ცხელი ხაზის ნომერი)“ ,- ნათქვამია განცხადებაში.
ბოლო მონაცემებით, ირანში კორონავირუსით რვა ადამიანი დაიღუპა, 43 კი ინფიცირებულია.