ავიაკომპანიები Jazeera Airways და Bees Airline საქართველოს მიმართულებით რეგულარული ფრენების სიხშირეს ზრდიან
ავიაკომპანიები Jazeera Airways და Bees Airline საქართველოს მიმართულებით რეგულარული ფრენების სიხშირეს ზრდიან

ქუვეითური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Jazeera Airways- საქართველოს მიმართულებით რეგულარულ საჰაერო მიმოსვლის სიხშირეს ზრდის. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში ავიაკომპანიის მიერ წარმოდგენილი ფრენების განაცხადის შესაბამისად, 2022 წლის პირველი იანვრიდან 26 მარტის ჩათვლით, ელ ქუვეითი – თბილისი – ელ ქუვეითის საჰაერო ხაზზე დამატებითი რეგულარული ფრენები შესრულდება ყოველ ორშაბათს და შაბათს.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, ჯამში, მიმდინარე ზამთრის სანავიგაციო სეზონზე, Jazeera Airways საქართველოს მიმართულებით ფრენებს კვირაში ხუთი სიხშირით განახორციელებს. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, Jazeera Airways-ს გაზრდილი სიხშირით ოპერირების ნებართვა უკვე მიენიჭა.

ამასთან, მიმდინარე ზამთრის სანავიგაციო სეზონზე, თბილისის მიმართულებით რეგულარული ფრენების სიხშირეს ზრდის დაბალბიუჯეტიანი უკრაინული ავიაკომპანია Bees Airline-იც. კერძოდ, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში ავიაკომპანიის მიერ წარმოდგენილი განაცხადის შესაბამისად, 2021 წლის 22 დეკემბრიდან 2022 წლის 26 მარტის ჩათვლით, კიევსა და თბილისს შორის დამატებითი რეგულარული ფრენები შესრულდება ყოველ ოთხშაბათს, პარასკევს და შაბათს.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ცნობით, განახლებული განრიგის მიხედვით, ავიაკომპანია Bees Airline-ი კიევი-თბილისი-კიევის საჰაერო ხაზზე ფრენებს ყოველდღიურად შეასრულებს. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, Bees Airline-ს დამატებითი სიხშირეების შესრულების ნებართვა უკვე მიენიჭა.

„გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესაბამისად, სახელმწიფოების მიერ პერიოდულად იცვლება სასაზღვრო შეზღუდვები და სანიტარული მოთხოვნები, რაც ასახვას ჰპოვებს ავიაკომპანიების გადაწყვეტილებებზე ამა თუ იმ მიმართულებით საჰაერო მიმოსვლის დაწყების, გაგრძელების ან განახლების კუთხით. მოქალაქეებს მოვუწოდებთ, გამოიჩინონ სიფრთხილე მგზავრობის დაგეგმვის დროს, ყურადღებით გაეცნონ დანიშნულების ქვეყნის მიერ დაწესებულ სასაზღვრო და სანიტარულ რეგულაციებს, გადამყვანი ავიაკომპანიების შეტყობინებებს, ოფიციალურ წყაროებზე განთავსებულ განცხადებებს და განრიგებს“, – აცხადებენ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში.