„ვიზეარი“ ლარნაკაში საქართველოს მოქალაქეების შეფერხებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
„ვიზეარი“ ლარნაკაში საქართველოს მოქალაქეების შეფერხებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ავიაკომპანია „ვიზეარი“ ლარნაკაში საქართველოს მოქალაქეების შეფერხებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, 2 იანვარს ლარნაკა-ქუთაისის რეისზე თვითმფრინავში ჩასხდომის გასასვლელთან რამდენიმე მგზავრი დროულად არ გამოცხადდა.

„2018 წლის 2 იანვარს, რამდენიმე მგზავრი, რეისზე W6 6404 ლარნაკა-ქუთაისი, არ გამოცხადდა დროულად თვითმფრინავში ჩასხდომის გასასვლელთან. მგზავრთა გადაყვანის ზოგადი პროცედურების შესაბამისად, რითიც ხელმძღვანელობს ყველა ავიაკომპანია, მგზავრები, რომლებიც ჩასხდომის გასასვლელის დახურვის შემდგომ გამოცხადდებიან, აღარ დაიშვებიან რეისზე. ამ შემთხვევაში, მგზავრებს ავიაკომპანიის წარმომადგენლები უწევენ დახმარებას, გადაჯავშნონ ფრენა მომდევნო რეისზე. ფრენის შეფერხების თავიდან აცილების მიზნით, „ვიზეარი“ შეახსენებს მგზავრებს, რომ ჩასხდომის გასასვლელთან უნდა გამოცხადდნენ თვითმფრინავის აფრენის დროდან 30 წუთით ადრე“, – აღნიშნულია განცხადებაში.

საქართველოს ცხრა მოქალაქე ავიაკომპანია „ვიზეარისგან“ და კვიპროსში საქართველოს საელჩოსგან დახმარებას ითხოვს. მგზავრები ქალაქ ლარნაკაში ჩარჩნენ. მიზეზი კი აეროპორტში შექმნილი შეფერხება გახდა. მგზავრების ინფორმაციით, ისინი რეისზე აღარ დაუშვეს და მომდევნო რეისზე ახალი ბილეთის შეძენა შესთავაზეს.

ამასთან, ავიაკომპანიისა და აეროპორტის წინააღმდეგ ტურისტები სარჩელს ამზადებენ.