ავიაკომპანია Ryanair-ი აჩერებს ყველა ფრენას გერმანიის სამი აეროპორტის მიმართულებით და ამცირებს ფრენებს ჰამბურგში
ირლანდიური ავიაკომპანია Ryanair-ი 2025 წლის ზაფხულისთვის მნიშვნელოვნად შეამცირებს გერმანიაში ფრენებს. ამის შესახებ „დოიჩე ველე“ წერს. გამოცემის ცნობით, ავიაკომპანია სრულად წყვეტს ფრენებს დორტმუნდის, დრეზდენისა და ლაიფციგის აეროპორტებში. ჰამბურგში რეისების რაოდენობა წინა წელთან შედარებით 60%-ით შემცირდება. ბერლინიდან ფრენების რაოდენობაც 20%-ით შემცირდება.
Ryanair-ის გენერალურმა დირექტორმა, ედი უილსონმა ეს გადაწყვეტილება გერმანიაში არსებულ მაღალ ხარჯებს მიაწერა და ბერლინი ეროვნული ავიაკომპანია Lufthansa-ს მონოპოლიის მხარდაჭერაში დაადანაშაულა.
„ამ მაღალი სახელმწიფო გადასახადებისა და მოსაკრებლების, ასევე Lufthansa-ს მაღალი ფასების მონოპოლიის შედეგად, გერმანელი მოქალაქეები და ვიზიტორები ახლა იხდიან ყველაზე მაღალ ფასებს ევროპაში ფრენებზე“,- განაცხადა უილსონმა.
როგორც „დოიჩე ველე“ წერს, გერმანიის მთავრობამ გადასახადი მაისში გაზარდა. ის თითოეულ ბილეთზე დაახლოებით 15-დან 70 ევრომდე მერყეობს.