ავიაკომპანია Ryanair -ის ბორტგამცილებელთა გაფიცვის გამო, 600-მდე რეისი გადაიდო
ავიაკომპანია Ryanair -ის ბორტგამცილებელთა გაფიცვის გამო, ბრიუსელიდან 40, ხოლო შარლერუადან 92 რეისი გაუქმდა. ბორტგამცილებლები ორი დღით გაიფიცნენ. საერთო ჯამში კი, ევროპის მასშტაბით, კომპანიის ოთხი ათასამდე თანამშრომელი გამოთქვამს პროტესტს.
ავიამიმოსვლაში შეფერხება ესპანეთში, იტალიასა და პორტუგალიაში 600-მდე რეისს შეეხება . მგზავრებს, რომლებსაც აღნიშნულ რეისებზე ჰქონდათ ბილეთები შეძენილი, კომპანია ბილეთის სანაცვლოდ, საფასურის ანაზღაურებას, ან თარიღის გადაცვლას სთავაზობს.
საპროტესტო აქციის შედეგად მხოლოდ ბელგიაში 23.5 ათასი მგზავრი დაზარალდა. ბორტგამცილებლები ირლანდიური კომპანია Ryanair-სგან მოითხოვენ, შრომითი პირობების იმ კონკრეტული ქვეყნის კანონმდებლობასთან ადაპტირებას, რომელ ქვეყანაშიც ისინი არიან დასაქმებული.
კომპანია Ryanair ევროპის 33 ქვეყანაში ოპერირებს და 1800 მიმართულებით ასრულებს რეისს. კომპანიაში დასაქმებულთა რიცხვი კი 11.5 ათასს შეადგენს.