ავიაკომპანია Bees Airline ოდესა-თბილისი-ოდესის მიმართულებით ფრენებს იწყებს
ავიაკომპანია Bees Airline ოდესა-თბილისი-ოდესის მიმართულებით ფრენებს იწყებს

დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Bees Airline საქართველოსა და უკრაინას შორის რეგულარული ოპერირების მიმართულებებს ზრდის.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 22 ოქტომბრიდან, უკრაინული ავიაგადამზიდველი ფრენების შესრულებას ოდესა – თბილისი – ოდესის საჰაერო ხაზზე დაიწყებს.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი ფრენის განაცხადის შესაბამისად, რეგულარული რეისები თბილისსა და ოდესას შორის, კვირაში ერთი სიხშირით, ყოველ პარასკევს განხორციელდება. სააგენტოს მიერ, ავიაკომპანიას ახალი მიმართულებით ოპერირების ნებართვა უკვე მიენიჭა.

Bees Airline საქართველოს საავიაციო ბაზარზე მიმდინარე წლის აპრილში შემოვიდა. თავდაპირველად, ავიაკომპანიამ ოპერირება კიევი – თბილისი – კიევის საჰაერო ხაზზე დაიწყო, ხოლო ივნისიდან, კიევი – ბათუმი – კიევის და ხერსონი – თბილისი – ხერსონის მიმართულებები დაამატა.

„გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესაბამისად, სახელმწიფოების მიერ პერიოდულად იცვლება სასაზღვრო შეზღუდვები და სანიტარული მოთხოვნები, რაც ასახვას ჰპოვებს ავიაკომპანიების გადაწყვეტილებებზე ამა თუ იმ მიმართულებით საჰაერო მიმოსვლის დაწყების, გაგრძელების ან განახლების კუთხით. მოქალაქეებს მოვუწოდებთ, გამოიჩინონ სიფრთხილე მგზავრობის დაგეგმვის დროს, ყურადღებით გაეცნონ დანიშნულების ქვეყნის მიერ დაწესებულ სასაზღვრო და სანიტარულ რეგულაციებს, გადამყვანი ავიაკომპანიების შეტყობინებებს, ოფიციალურ წყაროებზე განთავსებულ განცხადებებს და განრიგებს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.