ავღანური მედიის ინფორმაციით, თურქმენეთის, აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის გავლით ავღანეთი ევროპაში ტვირთების გატანას იწყებს
ავღანური მედიის ინფორმაციით, თურქმენეთის, აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის გავლით ავღანეთი ევროპაში ტვირთების გატანას იწყებს

თურქმენეთის, აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის გავლით, ავღანეთი ევროპაში ტვირთების გატანას იწყებს, – ამის შესახებ ინფორმაციას ავღანური მედია ავრცელებს.

ავღანეთის მთავრობაში აცხადებენ, რომ ე.წ. „ლაპის ლაზულის“ მარშრუტით ტვირთების ტრანსპორტირება საავტომობილო გზის, რკინიგზისა და საზღვაო ხაზის გამოყენებას გულისხმობს.

აღნიშნული მარშრუტი ევროპამდე ორი გზით, საქართველოს პორტებითა და თურქეთის ტერიტორიით მივა.

ავღანეთი, პირველ ეტაპზე, ევროპაში ხილს, სამკურნალო მცენარეებსა და ხალიჩებს გაიტანს. ავღანეთის სავაჭრო პალატის ხელმძღვანელის განცხადებით, „ლაპის ლაზულის“ მარშრუტი პაკისტანისა და ირანის გზებზე უსაფრთხოა და ტრანსპორტირების ღირებულებაც იაფია.

ლაპის ლაზულის“ შეთანხმება გასული წლის ნოემბერში, თურქმენეთში გაფორმდა, თუმცა მხარეებს შორის ხელშეკრულების პირობების ნაწილი ამჟამად თანხმდება.

ლაპის ლაზულის“ შეთანხმებას ხელი მოეწერა აშახაბადში, 2017 წლის 15 ნოემბერს. შესაბამისი ინფორმაცია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.

დოკუმენტს ხელი მოაწერეს პროექტში ჩართული ქვეყნების – ავღანეთის, თურქმენეთის, აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის წარმომადგენლებმა. საქართველოს მხრიდან „ლაპის ლაზულის“ შეთანხმებას ხელი მოაწერა მაშინდელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ.

„შეთანხმება ითვალისწინებს პროექტში ჩართულ ქვეყნებს შორის სატრანსპორტო ურთიერთობების ხელშეწყობას, რაც გულისხმობს ტვირთებისა და მგზავრების დაუბრკოლებელი გადაადგილების ხელშეწყობას, სატრანზიტო მოძრაობასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული საკითხების და პროცედურების ჰარმონიზაციას და ა.შ“, – აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.