ავღანეთში ქალებმა „თალიბანის“ მიერ სილამაზის სალონების აკრძალვის გადაწყვეტილება გააპროტესტეს
ავღანეთში ქალებმა „თალიბანის“ მიერ სილამაზის სალონების აკრძალვის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება გააპროტესტეს.
„ბიბისის“ ცნობით, ქაბულის ქუჩებში ქალები სკანდირებდნენ „სამსახური, პური და სამართლიანობა“, რის შემდეგაც „თალიბანის“ წევრებმა აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენეს. მედიის ინფორმაციით, აქციაში სულ 50 ქალი მონაწილეობდა.
ამასთან, „თალიბანის“ გადაწყვეტილებით, სილამაზის სალონებს ერთთვიანი ვადა მისცეს, რათა ფუნქციონირება შეწყვიტონ. ვადა 2 აგვისტოს იწურება. როგორც „თალიბანში“ აცხადებენ, პარიკის ტარება და წარბების მოვლა არ შეესაბამება ისლამურ ღირებულებებს და მშობლები ტყუილად ხარჯავენ ფულს, როდესაც მათი ქალიშვილი თხოვდება.
ავღანეთის კომერციის პალატის ინფორმაციით, ქვეყანაში სილამაზის სალონების დახურვის შედეგად 60 000 ადამიანი უმუშევარი დარჩება.
ქალების უფლებების დაცვის კუთხით ავღანეთში არსებული მდგომაროება 2021 წლიდან გაუარესდა, მას შემდეგ, რაც „თალიბანი“ ქვეყნის მმართველობაში დაბრუნდა.
ამჟამად ავღანეთში ქალებს არ აქვთ სკოლაში სწავლის უფლება, ასევე ვერ დადიან სავარჯიშო დარბაზებსა და პარკებში. „თალიბანმა“ ქალებს ასევე აუკრძალა გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში მუშაობაც.