ავღანეთში ნატო-ს მისიის წევრი ორი ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა. ამის შესახებ განცხადება ნატო-ს მისია „მტკიცე მხარდაჭერის“ მეთაურებმა გაავრცელეს.
ამასთან, განცხადებაში არ არის მითითებული ჯარისკაცების ვინაობა და ჩინი.
აშშ-ის მთავრობის მონაცემებით, 2019 წელს ავღანეთში ექვსი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. 2015 წლიდან დღემდე კი, ავღანეთში 65 ამერიკელი ჯარისკაცია გარდაცვლილი.
აღსანიშნავია, რომ ამერიკელი სამხედროების დაღუპვის შესახებ ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც ავღანეთში ვიზიტით იმყოფებოდა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო, სადაც მან ავღანეთის პრეზიდენტ აშრაფ ღანისთან მოძრაობა „თალიბანთან“ მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესი განიხილა.
პომპეომ იმედი გამოთქვა, რომ „თალიბანთან“ შეთანხმების მიღწევა პირველ სექტემბრამდე იქნება შესაძლებელი. „თალიბანთან“ სამშვიდობო მოლაპარაკებების მეშვიდე რაუნდი 29 ივნისსაა დაგეგმილი.