ავღანეთში ნატო-ს ეგიდით „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ შესასრულებლად პირველი ქვეითი ბრიგადის მე-13 მსუბუქი ქვეითი ბატალიონი გაემგზავრა
ავღანეთში ნატო-ს ეგიდით „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ (RSM) შესასრულებლად პირველი ქვეითი ბრიგადის მე-13 მსუბუქი ქვეითი ბატალიონი გაემგზავრა. გაცილების ცერემონია ალექსეევკას სამხედრო აეროდრომზე გაიმართა. ქართველი მშვიდობისმყოფელები საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა და თავდაცვის ძალების სხვა ხელმძღვანელმა პირებმა გააცილეს.
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა პირად შემადგენლობას სიტყვით მიმართა, მადლობა გადაუხადა და მისიის წარმატებით შესრულება უსურვა.
მე-13 ბატალიონი ვიცე-პოლკოვნიკ ვლადიმერ ნათენაძის მეთაურობით, ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში „მტკიცე მხარდაჭერის მისიას“ ამერიკული სარდლობის დაქვემდებარებაში ექვსი თვის განმავლობაში შეასრულებს. ქვედანაყოფი როტაციის წესით ბაგრამის საავიაციო ბაზაზე უფლებამოსილებას მე-12 მსუბუქი ქვეითი ბატალიონისგან გადაიბარებს. ქართველი მშვიდობისმყოფელების მთავარი ამოცანა ბაზის უსაფრთხოების დაცვა იქნება.
ბატალიონმა გადასროლისწინა მომზადების ყველა ეტაპი საქართველოში გაიარა. გადასროლისწინა მომზადების დასკვნითი ეტაპი, ამოცანის რეპეტიციის წვრთნა (MRE), ამერიკელ სამხედროებთან ერთად, წელს პირველად გერმანიის ნაცვლად საქართველოში ჩატარდა და მე-13 ბატალიონი პირველი ქვედანაყოფი იყო, რომელმაც აღნიშნული წვრთნები სამშობლოში გაიარა. აშშ-ის ევროპული სარდლობის წარმომადგენლებმა ქართველი სამხედრო მოსამსახურეების მომზადების დონეს მაღალი შეფასება მისცეს.