ავღანეთში კორონავირუსით ინფიცირების 27 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ქვეყანაში კორონავირუსით 145 ადამიანია ინფიცირებული.
ავღანეთში, ოფიციალური მონაცემებით, „კოვიდ 19“-ით სამი ადამიანია გარდაცვლილი, ხუთი პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.
ინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 24 ირანთან მოსაზღვრე ჰერათის პროვინციაში დაფიქსირდა. პროვინციის გუბერნატორმა კომენდანტის საათი გაახანგრძლივა და მოსახლეობა გააფრთხილა, რომ „რთული დღეები ჯერ კიდევ წინ არის“. მან ადგილობრივ მცხოვრებლებს კორონავირუსის წინაღმდეგ ამოქმედებული პრევენციული ზომების დაცვისკენ და სახლში დარჩენისკენ მოუწოდა.
ამის პარალელურად, როგორც გამოცემა „გარდიანი“ წერს, კორონავირუსთან დაკავშირებით საინფორმაციო კამპანიას აწარმოებს რადიკალური მოძრაობა „თალიბანი“ თავის კონტროლირებად რაიონებში. გავრცელებული ინფორმაციით, თალიბები მათ მიერ კონტროლირებად ზონებში ნიღბებსა და საპონს არიგებენ.