ავღანეთში დარჩენილი საქართველოს მოქალაქეები უსაფრთხო ადგილზე არიან და გამომგზავრებას ელოდებიან
ავღანეთში დარჩენილი საქართველოს მოქალაქეები უსაფრთხო ადგილზე არიან და გამომგზავრებას ელოდებიან

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში, ერთ-ერთ კანადურ კომპანიაში დასაქმებული საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც გამომგზავრებას ამ დრომდე ვერ ახერხებდნენ, აეროპორტში იმყოფებიან. ამის შესახებ მათ სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელეს ინფორმაცია.

„შევედით აეროპორტში! ზარებს ვერ ვპასუხობთ, ვერც სმს-ებს, შეხვედრამდე საქართველოში!“ – აღნიშნულია სოციალურ ქსელში გავრცელებულ მათ პოსტში.

ინფორმაციას ადასტურებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. საქართველოს პირველ არხს უწყებაში განუცხადეს, რომ ამ დროისთვის, დარჩენილი საქართველოს მოქალაქეები არიან აეროპორტში, არიან უსაფრთხოდ და ელოდებიან გამოფრენას.

ავღანეთიდან საქართველოში სულ 16 მოქალაქე დაბრუნდება.

საქართველოს პირველ არხს ავღანეთში მყოფმა საქართველოს ერთ-ერთმა მოქალაქემ ფაქტი სატელეფონო საუბრის დროს დაუდასტურა. მისი თქმით, აეროპორტამდე უსაფრთხო კორიდორისა და დაჯავშნილი მანქანების მეშვეობით გადაიყვანეს.