ავღანეთში დანაღმული მანქანის აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ავღანეთის ქალაქ ჯალალაბადში დანაღმული მანქანის აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, სულ მცირე რვა მოქალაქე კი დაშავდა.
ტერორისტული აქტი იმ დროს მოხდა, როცა ჯალალაბადის ცენტრში წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში სამთავრობო კანდიდატი საკუთარ მხარდამჭერებს უნდა შეხვედროდა. თავდასხმის ადგილას 50-მდე ადამიანი იმყოფებოდა
პოლიციის ინფორმაციით, აფეთქება ერთი საათით გვიან რომ მომხდარიყო, მსხვერპლი გაცილებით დიდი იქნებოდა. ტერაქტზე პასუხისმგებლობა ამ დრომდე არც ერთ ტერორისტულ ორგანიზაციას არ აუღია.
რამდენიმე დღის წინ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ჯეიმს მეტისმა განაცხადა, რომ არსებობს საფრთხე, ავღანეთის საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდში ტერორისტულმა გაერთიანება თალიბანმა ტერაქტები მოაწყოს. მან ავღანეთის მთავრობას მოუწოდა, უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად გაამკაცრონ, რაშიც შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალებიც მიიღებენ მონაწილეობას.